ევროკავშირის მხარდაჭერით ხობსა და ხარაგაულში რიგით 77-ე და 78-ე ადაპტირებული საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა
ევროკავშირის მხარდაჭერით ხობსა და ხარაგაულში რიგით 77-ე და 78-ე ადაპტირებული საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა. ამ ცენტრების საშუალებით სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 55,000 ადამიანს მიეცემა.
ევროკავშირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეხმარება საზოგადოებრივი ცენტრების დაარსებაში, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო სერვისებსა და საჯარო ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. საზოგადოებრივ ცენტრებში შესაძლებელია 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურების მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, საქართველოს ეროვნული არქივიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სოციალური მომსახურების სააგენტოდან და შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიიდან. ცენტრებში ასევე შესაძლებელია კერძო კომპანიების - მაგთიკომისა და ლიბერთი ბანკის მომსახურების მიღება.
საზოგადოებრივი ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით. ცენტრში დასაქმებული არიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რომელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. მათ გაიარეს ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურების უზრუნველყოფის საკითხებში სწავლება. გარდა ამისა, ცენტრების მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებითა და საკონფერენციო სისტემებით. საზოგადოებრივ ცენტრებში მოწყობილია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ‘ოფისები’. ცენტრები ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობას. უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებით, საკონფერენციო სისტემებითა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა კერძო პირებსაც შეუძლიათ.
მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის გარდა, საზოგადოებრივი ცენტრები ასევე ასრულებენ მედიატორის როლს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის; ახალი სერვისების, ინიციატივების, და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩასატარებლად.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://zurl.co/w6OD