ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის სიტყვა
ძვირფასო ჟურნალისტებო, მედია მენეჯერებო, კოლეგა ელჩებო. ძვირფასო მეგობრებო,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელსაც ჟურნალისტები ასრულებენ საზოგადოებაში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის ამ ღონისძიების ორგანიზება საამაყოა, რადგან ვაფასებთ შრომას ქართველი ჟურნალისტებისა, რომლებიც დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.
ათწლეულზე მეტია, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ხელს უწყობს ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებისა და პლურალისტულ მედიაგარემოს დამკვიდრებას. თუმცა, თავისი არსით, ეს პრიზი უფრო სიღრმისეულ საკითხს შეეხება – ესაა იმ პროფესიის აღიარება, რომლის გარეშე დემოკრატია ვერ გადარჩება.
ბოლო წლების განმავლობაში, ჟურნალისტებმა საქართველოში გამოიჩინეს საოცარი მედეგობა, პროფესიონალიზმი და მზაობა, ემსახურონ საჯარო ინტერესს. მაშინ, როდესაც ფაქტები მახინჯდება, იქმნება შიში და იმატებს კონსპირაციული თეორიები, ჟურნალისტები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს და საზოგადოებას რეალობაში დარჩენაში ეხმარებიან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მოქალაქეებმა იცხოვრონ სიმართლეში და არა თავსმოხვეულ სიჩუმესა თუ კომფორტულ ტყუილებში.
თუმცა, ამ საქმის მსახურებაში ფასია გადახდილი. დამოუკიდებელი მედია საქართველოში განიცდის მზარდ წნეხს, მისი რესურსების იკლებს, ხოლო სამართლებრივი გარემო სულ უფრო მტრული ხდება. მიუხედავად ამისა, აგრძელებს გამოძიებას, გადამოწმებას და ინფორმირებას. ეს არა მხოლოდ ჟურნალისტების პროფესიული გამარჯვებაა, არამედ ჭეშმარიტი სარგებელია მთელი ქართული საზოგადოებისთვის.
გასული წლის განმავლობაში მედიაგარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა. თუმცა, სანამ ჟურნალისტები აგრძელებენ საქმიანობას, ხალხი არ იქნება სიბნელეში. ის შეინარჩუნებს კავშირს ფაქტებთან, კონტექსტსა და რეალობასთან. სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღის მიზანია, ვაღიაროთ მიზანდასახულობა უკლებლივ ყველა იმ ჟურნალისტისა, ვინც აგრძელებს მუშაობას რთულ პირობებში და ხშირად ზეწოლის ქვეშ, მათ შორის მათი, ვინც დღეს არ არის ნომინანტებსა თუ გამარჯვებულებს შორის.
ნება მიბოძეთ ვახსენო თქვენი ერთ-ერთი უძვირფასესი კოლეგა, რომელსაც არ შეუძლია დღეს ჩვენთან ერთად ყოფნა – ქალბატონი მზია ამაღლობელი. თავისი მტკიცე კეთილსინდისიერებით მან დაიცვა გამოხატვის თავისუფლება უზარმაზარი პირადი დანაკარგის ფასად. როგორც ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის ლაურეატი, იგი მორალური სიცხადისა და იმ რწმენის განსახიერებაა, რომ ჟურნალისტიკა ემსახურება ხალხს და არა ძალაუფლებას.
ევროკავშირისთვის, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და ჟურნალისტების თავისუფლება არის ფუნდამენტური მოთხოვნა და ძირითადი პირობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, მითუმეტეს იმ ქვეყნისთვის, რომელიც ამტკიცებს რომ ევროკავშირის წევრობა სურს.
ქალბატონებო და ბატონებო,
წლევანდელ კონკურსში წარმოდგენილი თემები ძალზე შთამბეჭდევი და მრავალფეროვანია. მათ შორისაა, სამოქალაქო პროტესტისა და ძალადობის შესახებ მომზადებული ნაშრომები, სტატიები სუროგატი დედების და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ, ასევე, ადამიანის ქცევაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და ბევრ სხვა აქტუალურ საკითხზე. ყველა ეს გამორჩეული ნამუშევარი გვიმტკიცებს რწმენას, რომ ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა აუცილებელია.
როგორც ყველა კონკურსის დროს, საჭირო გახდა რთული არჩევანის გაკეთება. მადლობას ვუხდი ჩვენს პატივსაცემ ჟიურის - ეკა ფირცხალავას, მაგდა მემანიშვილს, მამუკა ანდღულაძეს და გურამ წიბახაშვილს - პროფესიონალიზმისთვის, დამოუკიდებლობისთვის და კეთილსინდისიერებისთვის. ჩვენ სრულიად ვენდობით მათ პროფესიულ შეფასებას.
ევროკავშირი ამაყობს, რომ დღეს, ისევე, როგორც ბოლო 14 წლის განმავლობაში, აღნიშნავს ქართველი ჟურნალისტის პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს. როდესაც სიმართლის წინააღმდეგ ილაშქრებენ, ხოლო თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, სწორედ თქვენი შრომით ხდება პასუხისმგებლობისა და სიმტკიცის გამოხატვა; თავისუფალი მედიის გარეშე ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალი ვერ აშენდება, ვერ აშენდება იმ ჟურნალისტების გარეშე, ვინც უარს ამბობს დადუმებაზე. ევროკავშირი თქვენს გვერდით არის დღესაც და მომავალშიც.
დიდი მადლობა!