ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერს საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ევროპის ბიზნეს ორგანიზაციის მსოფლიო ქსელში გაწევრიანებას
ევროპული ბიზნეს ასოციაცია 2017 წლიდან მუშაობს და აერთიანებს 100-ზე მეტ ევროპულ და ქართულ კომპანიას სხვადასხვა სექტორიდან, როგორიცაა შემოქმედებითი, სადაზღვევო, ფინანსური, სამშენებლო, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ძირითად ასპექტებსა და პოლიტიკის მიმართულებებზე.
2021 წელს საგრანტო კონკურსის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპულ ბიზნეს ასოციაციას გადასცა გრანტი „საქართველოში ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობისთვის“. ამ გრანტმა ხელი შეუწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე ხელი შეუწყო სამართლიან, ღია და გრძელვადიან ურთიერთობებს ბიზნესებს, მომხმარებლებს / ბენეფიციარებსა და ხელისუფლებას შორის. ამავდროულად, ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ დაიმკვიდრა ძირითადი რესპონდენტის ფუნქცია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან (EEAS), ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან (რომელთა უმეტესობას საქართველოში ორმხრივი სავაჭრო პალატები არ აქვთ) ურთიერთობაში; ასოციაცია ასევე სხვა არსებული (ზოგადი / სექტორული / ორმხრივი) ბიზნეს ორგანიზაციების შეხედულებებს გადმოსცემდა.
ამ კონტექსტში, 2022 წელს ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა (EECP) დააარსა, იგი არჩეულ იქნა ინვესტორთა საბჭოს წევრად, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობდა, წარადგინა ბიზნეს კლიმატის სასარგებლო კვლევა და ევროკავშირი - საქართველოს წარმატებულ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. ეს პლატფორმა ღიაა საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის.
ევროკავშირის წარმომადგენლობა რეკომენდაციას უწევს ევროპული ბიზნეს ასოციაციის ევროპის ბიზნეს ორგანიზაციის მსოფლიო ქსელში ინტეგრაციას, მისი მუშაობის გასაძლიერებლად და ევროპული ბიზნეს ინტერესების წარმოსაჩენად.