ევროკავშირი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება
თბილისი 29/10/20: ევროკავშირი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება. შაბათს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.
მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და მიმდინარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობაა.
„ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. არჩევნების დღეს, ჩვენ ვიკისრებთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგის უპრეცედენტო როლს. შაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ევროპელ დიპლომატთა გუნდი ფართომასშტაბიან, კოორდინირებულ დაკვირვებას განვახორციელებთ. ყველა ერთად 70–ზე მეტი გუნდის მობილიზებას შევძლებთ და ქვეყნის მასშტაბით 1000 – ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივალთ,“ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
ევროპელ დიპლომატთა გუნდი შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან, მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები. ეს სადამკვირვებლო ინიციატივა სხვა საელჩოებთან, კერძოდ აშშ–და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელდება.ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების სრული ვერსია ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის შესახებ იხილეთ აქ:
ორ დღეზე ნაკლები გვაშორებს იმ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან მივლენ. გლობალურმა პანდემიამ არჩევნებისთვის მზადების პროცესი განსაკუთრებით გაართულა. ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი გახადა.
ევროკავშირი თავიდანვე ჩართული იყო, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების ხელშეწყობაში, რომელმაც ახალი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყველა მონაწილეს უფრო თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზა. ჩვენ აგრეთვე მონაწილეობა მივიღეთ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიასაც.
არჩევნების დღეს, ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი გუნდი ასე გამოიყურება და, როგორც ხედავთ, იმავე მკაცრ წესებს დაიცავს კოვიდის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობს.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ეუთო/ოდირის მისიის ძალისხმევას. ჩვენ ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.
ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ საშუალებით.
ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს.
და ბოლოს, ნება მიბოძეთ მოვუწოდო ამომრჩეველს, რომ ყველას გააგონოს თავისი ხმა ამ არჩევნებზე, უსაფრთხოდ და საიმედოდ. იმედი გვაქვს, შაბათს შეგხვდებით!
დამატებითი ინფორმაციისა და ინტერვიუების თაობაზე მოგვმართეთ:
თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu