ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერენ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსებას

ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაასახელეს გამარჯვებული, რომელიც მიიღებს გრანტს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებული 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსება წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე მსხვილ ტრანზაქციას და მწვანე ობლიგაციების გამოშვების პირველ შემთხვევას.

კომპანია ევროკავშირისაგან მიიღებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად.

მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.

ტრანზაქცია სრულად შეესაბამება პროგრამის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას, აგრეთვე გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ღირებულებების მხარდაჭერას.

5-წლიანი, აშშ დოლარში დენომინირებული ე.წ. ბულეტ გადახდის გრაფიკის მქონე ობლიგაციების გამოშვება და განთავსება 2022 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. ფიქსირებული კუპონი განისაზღვრა 7.00%-ით. ობლიგაციები გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით.

კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ნუკა მშვიდობაძემ, აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ GRPO კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა წაახალისებს მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და განახლებადი ენერგიის სხვა ოპერატორებსაც მისცემს დამატებით მოტივაციას, დააკმაყოფილონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს - ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“.

 

 „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის (CMS) შესახებ:

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდი ახორციელებს. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წამყვანი კონტრაქტორი Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად. პროექტის სტრატეგიული მიზანია საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებითა და მხარდაჭერის მექანიზმის უზრუნველყოფის გზით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, იხ.: www.cms.org.ge

შპს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) შესახებ:

შპს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები“ (GRPO) არის Georgia Capital PLC-ის („ჯგუფი“ ან „GCAP“) ჰოლდინგში შემავალი კომპანია, რომელიც  განახლებადი ენერგიის აქტივებს (ადრე ეკუთვნოდა Georgia Global Utilities-ს) მართავს. კომპანია მართავს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს და საქართველოში ერთადერთ ქარის ელექტროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 71 მეგავატს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, იხ.: www.grpc.ge