ევროკავშირი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განაგრძობენ რეგიონული განვითარების პროგრამის მხარდაჭერას

ვროკავშირი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განაგრძობენ თანამშრომლობას საქართველოს რეგიონების მოსახლეობისათვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, აღნიშნული მხარდაჭერის ხაზგასასმელად, ევროკავშირისა და სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე პროექტს ესტუმრნენ.

2022 წლის 6 ივნისს ევროკავშირისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები თელავსა და ახმეტას სტუმრობდნენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეტელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინიციატივების შესაფასებლად კახეთში გაემგზავრნენ.

 

სიგრიდ ბრეტელი და მინისტრის მოადგილე, ქალბატონი გიორგობიანი თელავის ცენტრს ეწვივნენ, სადაც 200-ზე მეტ ლოკაციაზე განთავსდა დამისამართების ახალი ნიშნები და საფეხმავლო ტურისტულ ბილიკებთან დამონტაჟდა QR კოდები. გარდა ამისა, ქალაქში განთავსდა ენერგოეფექტური სკამები უფასო უსადენო ინტერნეტითა (WiFi) და ტელეფონის დამტენებით, რაც თელავში მყოფ ტურისტებს მეტ კომფორტს შეუქმნის. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებასა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

 

ერთობლივი ვიზიტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში გაგრძელდა, სადაც ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღი 50-მდე ბავშვისთვის ამოქმედდება და ადგილობრივი მასწავლებლებისთვის 12 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ახალი ბაღი აწყურში ადგილობრივ ოჯახებს დაეხმარება, რომ უზრუნველყონ ბავშვების განათლება და მეტი დრო მოახმარონ ეკონომიკურ აქტივობებს.

 

ვიზიტის ბოლოს, მინისტრის მოადგილე, ქალბატონი გიორგობიანი და სიგრიდ ბრეტელი გაემგზავრნენ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ციხე-ქალაქ კვეტერაში. სადაც ევროკავშირისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 600 მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა. დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები, ასევე, წყლისა და ელექტროენერგიის წყაროები. ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

 

რეგიონული განვითარების მიმართულებით ევროკავშირისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ

 

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონული განვითარებისათვის ჯამში 54 მილიონი ევრო გამოყო. აქედან 40,5 მილიონი ევრო ხელმისაწვდომია მთავრობის  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში. ამ ინიციტივის განხორციელებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი თბილისიდან რეგიონულ დონეზე ინაცვლებს. ამ პროგრამის მეშვეობით ფინანსური სახსრები ხელმისაწვდომი ხდება პირდაპირ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ირჩევენ საპილოტე ინიციატივებს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

 

ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ მუშაობას ემატება (13,5 მლნ ევრომდე ღირებულების) რამდენიმე ინიციატივა, რომლებსაც ახორციელებენ Team Europe-ის პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ეს ინიციატივები ხელს შეუწყობს რეგიონებში ინვესტიციების გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და  სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივები შეამცირებს მოსახელობის გადინებას სოფლებიდან.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://eu4georgia.eu/regions/

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში  Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia 4, in@ntu.eu  577 293979