ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

ევროპის დღეს, საქართველოს გვერდით არის ევროპის გუნდი, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.
ევროპის დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, ელჩი კარლ ჰარცელი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ.
წლევანდელი ღონისძიებები რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის „მე და ევროპა“ ირგვლივ მომზადდა. ფილმი ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვე
„მე და ევროპა“ იმ საერთო გამოცდილებასა და ტრადიციებს ასახავს, რომლებმაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს.
ამ ამბიციური პროექტის მთავარი პერსონაჟები საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის 4 სამიზნე რეგიონში: კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრები საინტერესო ადამიანები არიან. ფილმში ნაჩვენებია სოფელ უდაბნოს მრავალფეროვნება, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ; სტერეოტიპების მსხვრევა გურიაში ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბის მიერ; გარემოს დაცვა იმერეთში და რადიომიმღებების კოლექციონერი მაღალმთიან რაჭაში. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობასა და ურთიერთობებს. ფილმის გმირების ცხოვრების წესი, მისწრაფებები და სულისკვეთება მოწმობს, რომ ევროპული ღირებულებების მატარებელი ადამიანები საქართველოს ყველა რეგიონში გვხვდება.
სპეციალურად 2022 წლის ევროპის დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის ონლაინ პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე გაიმართება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
- თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
ევროპის დღის შესახებ
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და მშვიდობისა და კეთილდღეობის 70-ზე მეტ წელს ითვლის.