ევროკავშირი თანამშრომლობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან
4 ნომინაცია, 14 სხვადასხვა სექცია და მრავალფეროვანი ჟანრისა და თემატიკის 100-მდე ქართული თუ უცხოური ფილმი, რომელთა დიდმა ნაწილმა არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე აღიარება უკვე მოიპოვა - თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ასე დაიწყო.
ტრადიციად ქცეული ფესტივალის ფოკუსში წელსაც ევროპული არაკომერციული კინო მოექცა. აქვეა საკონკურსო ნაწილიც - ქართული ფილმების პროგრამას საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, გამარჯვებულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს კი ფესტივალის პრიზი „ოქროს პრომეთე“ გადაეცემათ. კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფესტივალის ფარგლებში, „ოქროს პრომეთეს“ მიიღებს ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი - აგნეშკა ჰოლანდიც.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერია ევროკავშირი. სწორედ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, ფესტივალზე ფილმებს კიდევ ერთ გამორჩეულ კატეგორიაში შეაფასებენ - ევროკავშირის პრიზი ადამიანის უფლებების თემატიკაზე შექმნილ საუკეთესო ნამუშევარს გადაეცემა. „ადამიანის უფლებები კინოში“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესდა. გამარჯვებულიც სიმბოლურად სწორედ ამ დღეს - 10 დეკემბერს, ფესტივალის დასკვნით ცერემონიალზე დაჯილდოვდება.
ევროკავშირის ჯილდოს ნომინანტი ფილმები თემატურად ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა ნარკოდამოკიდებულებისგან განსაკურნებლად სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრილი გოგოს ისტორია, სხვადასხვა კლასისა და სოციუმის ახალგაზრდების დაპირისპირება და მეგობრობა, პოლიტიკური და რელიგიური ელიტის მოსახლეობაზე გავლენას, ომგამოვლილი ქალების ცხოვრება.
ნომინაციის ფარგლებში, სულ 10 ფილმია წარდგენილი, რომელთაგან ერთ გამარჯვებულს სპეციალური ჟიური (თეო ხატიაშვილი, ბასტი მგალობლიშვილი, თამარ გურჩიანი) გამოავლენს:
- Close/ახლოს - Lukas Dhont, Belgium/France/Netherlands, 2022
- Boy from Heaven/ბიჭი სამოთხიდან - Tarik Saleh, Sweden/France/Finland/Denmark/Morocco, 2022
- Immaculate/უმანკო - Monica Stan, George Chiper-Lillemark, Romania, 2021
- Saint Omer/სენ-ომერი - Alice Diop, France, 2022
- How is Katia?/კატია როგორ არის? - Christina Tynkevich, Ukraine, 2022
- Klondike/კლონდაიკი - Maryna Er Gorbach, Ukraine/Turkey, 2022
- Lord of the Ants/ჭიანჭველათა ბატონი - Gianni Amelio, Italy, 2022
- Plan 75/გეგმა 75 - Chie Hayakawa, Japan/France/Philippines, 2022
- Burning Days/მწველი დღეები - Emin Alper, Turkey/France/Germany/Netherlands/Greece, 2022
- A Room of my Own/ჩემი ოთახი - Ioseb (Soso) Bliadze, Georgia/Germany
კინოფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მათი ტრადიციული მხარდამჭერია და ფესტივალის განვითარებაში, უკვე არაერთი წელია, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
საყურადღებოა ისიც, რომ, საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენების გარდა, ფესტივალი, ტრადიციულად, პროფესიული შეხვედრებით, ვორქშოპებით, მასტერკლასებით, რეტროსპექტივებით და სხვა ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წლიდან, კინოხელოვნების ცენტრ „პრომეთეს“ ორგანიზემით იმართება და მისი მიზანი მაყურებელისთვის მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი და გამორჩეული ნამუშევრებისწარდგენა, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციების გაცნობა და ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის ხელშეწყობაა.
ფესტივალი კინოთეატრ „ამირანის“ 4 სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობს. მისი საზეიმო დახურვა და გამარჯვებული ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონია კი 10 დეკემბერს გაიმართება. თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალს რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „როქსი“ დახურავს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის შესახებ
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, რომელიც, ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება, 1948 წელს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებას ეძღვნება. წელს, ჩვენ დეკლარაციის მიღების 74-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველს წარმოადგენს. ის განსაზღვრავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ფართო სპექტს, რომლებიც ვრცელდება თითოეულ ჩვენგანზე, მსოფლიოს ყველა კუთხეში.
დეკლარაცია თითოეულ ადამიანს ანიჭებს უფლებებს განურჩევლად მისი ეროვნებისა, გენდერული კუთვნილებისა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, ენისა თუ სხვა მდგომარეობისა.