ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022
ფორუმს დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სპეციალური სივრცე დაეთმო პირისპირ შეხვედრებს (B2B) ფორუმის მონაწილეებს შორის. ასევე, პარალელურად მოეწყო წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადდა, კვლევაში თავმოყრილია ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯები და შეფასებულია რეფორმები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში მოხდა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის კონცეფციის წარდგენა, რომელიც შექმნის უნიკალურ მექანიზმს ბიზნეს სექტორის გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
„ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ფართო და ფორმალიზებული თანამშრომლობის საჭიროებას ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის. ევროკავშირი დიდი ხანია უწყობს ხელს ბიზნესის ძლიერი და ერთიანი ხმის ჩამოყალიბებას საქართველოში. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციასთან ერთად შეგვექმნა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ამბიციური გეგმის შესასრულდებლად“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი წელს პირველად გაიმართა და მოხარული ვარ რომ ღონისძებამ წარმატებით ჩაიარა. სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ბიზნეს გაერთიანებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ადვოკატირების ერთიანი მექანიზმის არსებობა. ჩვენ მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგებზე დაფუძნებით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა და ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ მის გასაძლიერებლად“ - განაცხადა ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ჯონ ბრაეკველდტმა.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინეტერსების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ნინო უშიკიშვილი, ევროპული ბიზნეს ასოციაცია, +995557519577, Nino.ushikishvili@eba.ge