ევროკავშირმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გასცა პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში” 2019

2019 წლის 7 დეკემბერს, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გასცა პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში 2019”. უკვე მესამე წელია, რაც ევროკავშირი გასცემს აღნიშნულ პრიზს, რომელიც დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
გამარჯვებული ფილმი, “უარყოფითი რიცხვები”, რომლის რეჟისორია უტა ბერია, შეირჩა ადამიანის უფლებების თემაზე წარმოდგენილი შვიდი ფილმიდან. ჟიურიში წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა დამცველი (Human Rights Watch), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ცნობილი ქართველი კინოკრიტიკოსი.
დაჯილოების ცერემონიაზე ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა: “სიამაყით გადავცემ ადამიანის უფლებები კინოში 2019 -ის პრიზს გამარჯვებულს. წელს საუკეთესო ფულმის არჩევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ამ კატეგორიაში შვიდივე ნომინირებული ფილმი ნათლად ეხმაურება ადამიანის უფლებების თემატიკას. კიდევ ერთხელ ვულოცავ რეჟისორ უტა ბერიას წარმატებას ფილმისთვის “უარყოფითი რიცხვები”.
უტა ბერიამ, გამარჯვებული ფილმის რეჟისორმა განაცხადა, “ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მიღება, ვინაიდან ვთვლი, რომ ადამიანის უფლებები არა მარტო კინემატოგრაფშია მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სადაც თითოეულმა ჩვენგანმა სწორად უნდა გავიაზროთ, პატივი ვცეთ და დავიცვათ ადამიანის უფლებები. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში აღნიშნული პრიზისათვის.”
ვულოცავთ “ადამიანის უფლებები კინოში” პრიზის 2019 წლის გამარჯვებულს!
ევროკავშირის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში
ევროკავშირი დაფუძნებულია მტკიცე განზრახვაზე ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში. მდგრადი მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა ვერ იარსებებს ადამიანის უფლებათა პატივისცემის გარეშე.
ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთობლივად, მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში.
ადამიანის უფლებათა დღე
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს თარიღი 1948 წელს დამკვიდრდა, როცა დიდი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნებმა ერთობლივად მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - დოკუმენტი, რომელიც აწესებს ადამიანის თანდაყოლილ და ხელშეუხებელ უფლებებს. წინა მსოფლიო ომების გამოცდილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქვეყნები ხელშეუხებელი უფლებების ერთიან დოკუმენტში ასახვაზე შეთანხმდნენ. 2019 წელს, ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნება სლოგანით: “ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დასაცავად”.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763 tamriko.mikadze@eeas.europa.eu
თამარ შავდია, ევროკავშირის წარმომადგენლობის საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი, ტელ: +995 577 991 991; ელ-ფოსტა: tata.shavdia@landell-mills.com
ნათია მეფარიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი ტელ: +995 595 499 999 ელ-ფოსტა: natia.meparishvili@landell-mills.com