ევროკავშირმა ნომინაციაში „ადამიანის უფლებები კინოში“ გამარჯვებული ფილმი გამოავლინა
„ვულოცავ ჩიე ჰაიაკავას ფილმში „გეგმა 75“ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების ბრწყინვალედ წარმოჩენას. ადამიანის უფლებები ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. კულტურა და კრეატიულობა, ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამ ნომინაციით, ჩვენ ვაერთიანებთ კულტურასა და ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაჯილდოების ცერემონიაზე.
გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, თეო ხატიაშვილის, ბასტი მგალობლიშვილისა და თამარ გურჩიანის შემადგენლობით. კინოჩვენების პროცესში, ჟიურიმ გადაწყვიტა, ომის დროს, უკრაინელი ქალების ცხოვრების ასახვის გამო, სპეციალური აღნიშნვნა მიენიჭებინა ფილმისთვის „კლონდაიკი“, რომლის რეჟისორია მარინა ერ გორბახი.
ევროკავშირის ჯილდოს ნომინანტი ფილმები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა ნარკოდამოკიდებულებისგან განსაკურნებლად სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრილი გოგოს ისტორია, სხვადასხვა კლასისა და სოციუმის ახალგაზრდების დაპირისპირება და მეგობრობა, პოლიტიკური და რელიგიური ელიტის მოსახლეობაზე გავლენას, ომგამოვლილი ქალების ცხოვრება.
ევროკავშირის სპეციალურ კატეგორიაში სულ 10 ფილმი იყო ნომინირებული:
- Close/ახლოს - Lukas Dhont, Belgium/France/Netherlands, 2022
- Boy from Heaven/ბიჭი სამოთხიდან - Tarik Saleh, Sweden/France/Finland/Denmark/Morocco, 2022
- Immaculate/უმანკო - Monica Stan, George Chiper-Lillemark, Romania, 2021
- Saint Omer/სენ-ომერი - Alice Diop, France, 2022
- How is Katia?/კატია როგორ არის? - Christina Tynkevich, Ukraine, 2022
- Klondike/კლონდაიკი - Maryna Er Gorbach, Ukraine/Turkey, 2022
- Lord of the Ants/ჭიანჭველათა ბატონი - Gianni Amelio, Italy, 2022
- Plan 75/გეგმა 75 - Chie Hayakawa, Japan/France/Philippines, 2022
- Burning Days/მწველი დღეები - Emin Alper, Turkey/France/Germany/Netherlands/Greece, 2022
- A Room of my Own/ჩემი ოთახი - Ioseb (Soso) Bliadze, Georgia/Germany
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში გაიმართა და 10 დეკემბერს, ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმით „როქსი“ დაიხურა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის შესახებ
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, რომელიც, ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება, 1948 წელს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებას ეძღვნება. წელს, ჩვენ დეკლარაციის მიღების 74-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველს წარმოადგენს. ის განსაზღვრავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ფართო სპექტს, რომლებიც ვრცელდება თითოეულ ჩვენგანზე, მსოფლიოს ყველა კუთხეში.
დეკლარაცია თითოეულ ადამიანს ანიჭებს უფლებებს განურჩევლად მისი ეროვნებისა, გენდერული კუთვნილებისა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, ენისა თუ სხვა მდგომარეობისა.
დამატებითი ინფორმაცია: https://eu4georgia.eu/ka/adamianis-uflebebi-2022/