ევროკომისია აქვეყნებს ანგარიშს პარტნიორი ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე

იხილეთ პრეს რელიზის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე: http://bit.ly/3Y1k5cT 

 დღეს, ევროკომისიამ მიიღო მერვე ანგარიში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის უვიზო რეჟიმებს აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ გადადგა ნაბიჯები უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მიღებულ წინა ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ არსებობს.

ძირითადი დასკვნები

ამონარიდი საქართველოს შესახებ:

• სავიზო პოლიტიკის თანხვედრა: საქართველოს სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის პოლიტიკისგან და 2024-2025 წლებში საქართველომ კიდევ უფრო დაიხია უკან, განმეორებითი რეკომენდაციების მიუხედავად.
• უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მიერ თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადები კვლავ შეშფოთების წყაროდ რჩება, რაც 2015 წლიდან ყველა განაცხადის დაახლოებით 18%-ს შეადგენს. კოსოვოდან და უკრაინიდან განაცხადების რაოდენობა 2024 წელს გაიზარდა, ხოლო თუმცა განაცხადების რაოდენობა ალბანეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან და სერბეთიდან დაბალია 2023 წელთან შედარებით, მაინც მნიშვნელოვანი რჩება.
• საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება: ახალი რისკები მოიცავს […] საქართველოში შეშფოთებას უსაფრთხოების მიმართებაში, რომელიც რუსეთის გავლენასთან არის დაკავშირებული. თუმცა პარტნიორების უმეტესობა ანტიკორუფციულ ვალდებულებებს ასრულებს, საქართველომ გააუქმა ადრინდელი რეფორმები. ეს საკითხები უნდა მოგვარდეს უვიზო მიმოსვლის დაუზიანებლობის უზრუნველსაყოფად.
• საქართველოს მიერ სხვა ძირითადი კრიტერიუმების შეუსრულებლობა:  ევროკომისიამ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემების მოსაგვარებლად და შეასრულოს მისი რეკომენდაციები. ამის მიუხედავად, საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული მრავალი ვალდებულება და არ შეასრულა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები. საქართველოში უკუსვლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა. ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ვიზების ერთგვაროვნად შეჩერებას ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში; დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის გამონაკლისი ორმხრივ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით აღარ იქნება შესაძლებელი, როგორც კი ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ამ ჯგუფებისთვის ხელახლა დაწესდება.  მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, ვიზის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის მიერ შედგენილ იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ.
ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის  მერვე ანგარიში (ინგლისურ ენაზე) იხილეთ აქ.