ევროკომისია და პოლონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას აჩქარებენ
ევროკომისიამ დღეს ხელი მოაწერა 35 მილიონი ევროს ღირებულების შეთანხმებას პოლონეთის განვითარების ბანკთან (BGK), ინოვაციური მექანიზმის შექმნის თაობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეთანხმება მოჰყვა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის ოლივერ ვარჰეისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის შორის შეთანხმებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმდინარე პრიორიტეტების შესაბამისად COVID-19 პანდემიასთან გამკლავების მხარდაჭერის გაძლიერებასთან დაკავშირებით. პოლონეთთან ერთად ევროკომისიამ შეიმუშავა ინოვაციური შეთანხმება რეგიონში ვაქცინებზე თანაბარი წვდომის გაზრდის მიზნით.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „მადლობას ვუხდი პოლონეთს ამ წინგადადგმული ნაბიჯისთვის, იმისთვის, რომ იგი დათანხმდა ამ შეთანხმების კოორდინაციას, რომელიც უდავოდ დაეხმარება სიცოცხლეების გადარჩენას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდის საშუალებით. ეს არის ევროკავშირის სოლიდარობა ქმედებაში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში პოსტ-პანდემიური აღდგენის დაჩქარებას და გაზრდის ჯანმრთელობის ზოგად გრძელვადიან მდგრადობას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“.
პოლონეთი, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის თანაავტორი, წლების განმავლობაში მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის ამ ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა: ”აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები პოლონეთის განვითარებაზე მიმართული პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს შორის არიან, რაც ყოველწლიურად დაფინანსებულ და განხორციელებულ მრავალ პროექტსა და ინიციატივაში გამოიხატება. ევროპის გუნდის ეს ინიციატივა, რომელსაც ხელი შეუწყო და კოორდინაციას უწევს პოლონეთი, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი წვდომის უზრუნველყოფას, რაც ამ რეგიონთან სოლიდარობის კიდევ ერთი მაგალითია. პოლონეთს, ევროკომისიასთან კონსულტაციით, ვაქცინების გავრცელების პროცესში მაკოორდინირებელი როლი ექნება“.
პოლონეთის საკოორდინაციო ქოლგის ქვეშ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ვაქცინების მიწოდება არის სოლიდარობის გამოხატულება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ პანდემიისა და მისი სოციალური და ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარება წევრ ქვეყნებში არსებული გასაზიარებელი ვაქცინების ხელმისაწვდომი დოზების განაწილებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარმოქმნილი საჭიროებების შესაბამისად, ზედამხედველობას გაუწევს ვაქცინების მწარმოებლებთან ნებისმიერ საჭირო შეთანხმებებს და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებში უზრუნველყოფს ევროპის გუნდის ვაქცინებთან დაკავშირებული სოლიდარობის ადეკვატურ გაშუქებასა და ხილვადობას.
ხელახალი გაყიდვის შემთხვევაში, პოლონეთის განვითარების ბანკი (BGK), გამოიყენებს ევროკავშირის შენატანს ვაქცინებთან დაკავშირებით დონორი წევრი სახელმწიფოებისთვის კომპენსაციის გასაწევად არაკომერციულ საფუძველზე. პროგრამა გაგრძელდება 2023 წლის ივნისამდე ან ევროკავშირის შენატანის ამოწურვამდე.
ბეატა დაშინსკა-მუზიკამ, პოლონეთის განვითარების ბანკის (BGK), მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა, განაცხადა: „ამ პროექტში, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს, სხვა ქვეყნებისთვის განვითარებაზე მიმართული დახმარების გავრცელებასთან დაკავშირებით ევროკომისიის პარტნიორის როლს პირველად ვთამაშობთ. ვეხმარებით კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში - ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, ორიდან ათეულ მილიონამდე ვაქცინა მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჭირდება. ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტში მონაწილეობა, კომისიის აკრედიტაცია და განმახორციელებელი პარტნიორის სტატუსი წინასწარ რომ არ მიგვეღო. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ამგვარად საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის როლის გასაძლიერებლად“.
მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან (NDICI) გამოყოფილი 35 მილიონი ევრო არის ევროკავშირის გაძლიერებული ქმედებების დემონსტრირება ევროპის გუნდის (Team Europe) ვაქცინების გაზიარების ძალისხმევის ფარგლებში, რათა ერთობლივად გავუმკლავდეთ პანდემიას ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად. ჯანმო-ს მონაცემებით, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში ექვს ქვეყანაში COVID-19 საწინააღმდეგოდ სრულად ვაქცინირებულთა საშუალო რიცხვი მხოლოდ 28.7%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის მუშაკებს შორის ეს რიცხვი 70.3%-ია. აღნიშნული მექანიზმი დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს მიაღწიონ ვაქცინაციით დაფარვის დონის ჯანმო-ს ვაქცინაციის გლობალური სტრატეგიის მიზნებთან დაახლოვებას: თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 40% - 2021 წლის ბოლომდე და 70% - 2022 წლის შუა რიცხვებისთვის.
ამ მექანიზმის ფარგლებში უახლოეს კვირებში გათვალისწინებულია პორტუგალიიდან სომხეთში პირველი პარტიის მიწოდება. არაერთმა სხვა წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.
საკითხის ისტორია
აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა პანდემიის შედეგების გამკლავებისთვის 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევას და სოციო-ეკონომიკურ აღდგენას. აღმოსავლეთ პარტნიორობა სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას მოიცავს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინების ყველა ადმინისტრირებული დოზის დაახლოებით მესამედი ევროკავშირის მიერ არის უზრუნველყოფილი - ან ვაქცინების პირდაპირი გაზიარებით, ან ირიბი გზით, COVAX პლატფორმის საშუალებით.
ქმედება ემატება ევროკავშირის ძირითად ძალისხმევას COVID-19 პანდემიის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესამცირებლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად და ჯანდაცვის სისტემებში სტრუქტურული ცვლილებების ხელშესაწყობად. პანდემიის საწყის ეტაპზე, 2020 წლის დასაწყისში, ევროკავშირმა დააფინანსა უმნიშვნელოვანესი აღჭურვილობისა და ტექნიკური დახმარების მიწოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მეშვეობით. 2021 წლის თებერვლიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიდევ ერთი პროგრამა მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინების ათვისების შესაძლებლობების კუთხით, მათი მზადყოფნისა და მიღების შესაძლებლობების გაზრდის გზით.
ეს მექანიზმი ავსებს COVAX პლატფორმას, რომელიც, ვაქცინების კუთხით COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველ საშუალებებზე წვდომის დაჩქარების ინიციატივის (ACT) საყრდენს წარმოადგენს; იგი მოიცავს გლობალურ თანამშრომლობას განვითარების დასაჩქარებლად, წარმოებას და თანაბარ წვდომას COVID-19-ის ტესტებზე, მკურნალობასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე. ევროპის გუნდი COVAX ინიციატივაში ერთ-ერთი წამყვანი წვლილის შემტანია - 3 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ოდენობით. COVAX პლატფორმა კვლავ არის მთავარი გლობალური მექანიზმი აღნიშნულ ვაქცინებზე სამართლიანი და თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს საერთაშორისო სოლიდარობას ვაქცინებთან დაკავშირებით.