ევროკომისიის პრეს-რელიზი ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით (ამონარიდი საქართველოს შესახებ)

დღეს ევროკომისიამ ყოველწლიური გაფართოების პაკეტი მიიღო, რომელიც გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორების მიერ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღწეული წინსვლის ყოვლისმომცველ შეფასებას წარმოადგენს. წლევანდელი პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაფართოების საკითხი ევროკავშირის  დღის წესრიგში ძალზე პრიორიტეტულია. ის ასევე ადასტურებს, რომ ახალი წევრი სახელმწიფოების გაწევრიანება სულ უფრო და უფრო მიღწევადია.

2024 წელს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერდა. მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, სახეზეა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვებით. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც მკვეთრად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს არღვევს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლის კურსი და მიიღოს ყოვლისმომცველი და ხელშესახები ზომები საბაზისო პრობლემების გადასაჭრელად, საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, - პარტიათაშორისი მხარდაჭერითა და ეფექტიანი სამოქალაქო ჩართულობით, ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად.

ევროპული საბჭოს 2024 წლის დეკემბრის დასკვნების შემდეგ და საქართველოს უკუსვლის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა.  

შემდეგი ნაბიჯები

ახლა საბჭომ უნდა განიხილოს კომისიის დღევანდელი რეკომენდაციები და გაფართოების პროცესში სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღოს.