ევროპელები ევროკავშირში წევრობისგან მნიშვნელოვან სარგებელს ხედავენ და ევროკავშირს მეტი სიმტკიცისკენ მოუწოდებენ
ევრობარომეტრის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის სამი მეოთხედის აზრით ევროკავშირში წევრობამ მათ ქვეყანას სარგებელი მოუტანა. ევროს, და ასევე ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა არის ყველაზე მაღალი, რაც კი აქამდე ყოფილა. დაძაბულ გეოპოლიტიკურ გარემოში ევროპელები მეტად მოუწოდებენ ევროკავშირს იყოს უფრო ძლიერი და მტკიცე, გაძლიერებული ეკონომიკური დამოუკიდებლობითა და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკით.
ევროპელები ევროკავშირში წევრობის უპირატესობებს ხედავენ
ევროპელების 74% ამბობს, რომ მათ ქვეყანას ევროკავშირში წევრობამ სარგებელი მოუტანა. ევროკავშირის ათიდან თითქმის ექვსი მოქალაქე (59%) ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავლის მიმართ და რესპონდენტთა თითქმის სამი მეოთხედი (73%) ამბობს, რომ გრძნობს ევროკავშირის მოქალაქეობას. ევროკავშირის მიმართ ნდობა მაღალ დონეზე რჩება, 48% ამბობს, რომ ევროკავშირს ენდობა.
ევროპელებს სურთ, რომ ევროკავშირი უფრო ძლიერი და მტკიცე იყოს
გამოკითხულთა ორი მესამედი (67%) თანხმდება, რომ ევროკავშირი სტაბილურობის ადგილია პრობლემებით აღსავსე სამყაროში. ევროკავშირის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებას მხარს აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს: 83% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები გლობალურ დონეზე უნდა დივერსიფიცირდეს.
ათი ევროპელიდან თითქმის რვა (79%) მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიან თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას - ეს 2004 წლიდან მეორე ყველაზე მაღალი შედეგია. მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა კვლავ რჩება იმ ქმედებად, რომელსაც მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მოქალაქეების ცხოვრებაზე ყველაზე მაღალი დადებითი გავლენა ექნება (აირჩია 42%-მა), შემდეგ მოდის მეტი სამუშაო ადგილების შექმნა (26%), ევროკავშირში კვების, ჯანდაცვისა და სამრეწველო სფეროებში საჭირო მარაგების უზრუნველყოფა (25%) და არალეგალური მიგრაციის მართვა (24%).
ევროკავშირის ბიუჯეტის პრიორიტეტების თვალსაზრისით, მოქალაქეებს სურთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი დაიხარჯოს დასაქმებაზე, სოციალურ საკითხებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე (42%), განათლებაზე, ტრენინგებზე, ახალგაზრდობაზე, კულტურასა და მედიაზე (36%) და თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე (35%).
ევროპელების მხარდაჭერა ევროს მიმართ რეკორდულია
ევრობარომეტრის კვლევამ აჩვენა, რომ ერთიანი ვალუტის მხარდაჭერა ევროკავშირში ყველაზე მაღალია (74%), ვიდრე ოდესმე ყოფილა და მეორე ყველაზე მაღალი (82%) - ევროზონაში. რაც შეეხება ევროპის ეკონომიკის მდგომარეობის აღქმას, ევროპელების 46% ფიქრობს, რომ კარგია, ხოლო 46% - ცუდი. მოქალაქეთა უმრავლესობა (49%) ფიქრობს, რომ ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში სტაბილური დარჩება.
უკრაინაში ომზე ევროკავშირის საპასუხო ზომების უწყვეტი და სტაბილური მხარდაჭერა
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ფონზე, ევროპელი რესპონდენტების 81% ეთანხმება ევროკავშირის მიერ იმ ადამიანების მიღებას, ვინც ომს გამოექცა, ხოლო ევროპელების სამ მეოთხედზე მეტი (77%) მხარს უჭერს უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. ევროკავშირის მოქალაქეების 73% რუსეთის მთავრობის, კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ ეკონომიკურ სანქციებს უჭერს მხარს, ათიდან თითქმის ექვსი (59%) ემხრობა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო 57% ეთანხმება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენისა და მიწოდების დაფინანსებას.
ევროკავშირის წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა რუსეთის უკრაინაში შეჭრა (ახსენა 26%-მა), შემდეგ მოდის იმიგრაცია (ახსენა 20%-მა), საერთაშორისო სიტუაცია (19%), ასევე უსაფრთხოება და თავდაცვა (18%). ევროპელი რესპონდენტების 77% თანხმდება, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
საკითხის ისტორია
ევრობარომეტრის 104-ე სტანდარტული კვლევა (2025 წლის შემოდგომა) 27 წევრ სახელმწიფოში 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ჩატარდა. საერთო ჯამში, პირადად გამოიკითხა ევროკავშირის 26,445 მოქალაქე. ინტერვიუები ასევე ჩატარდა ცხრა კანდიდატ და ყველა პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაში (უკრაინის გარდა) და ასევე დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.