ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი
9 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღე თბილისში, ექსპო ჯორჯიაში აღნიშნა და 22 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიებამ გააერთიანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, პარტნიორები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მეწარმეები და ფართო საზოგადოება, ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის, საერთო ღირებულებებისა და თანამშრომლობის აღსანიშნად.
წლევანდელი ევროპის დღე განსაკუთრებული იყო, რადგან ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის 30 წელს მიეძღვნა – მეგობრობისა და თანამშრომლობის სამ ათწლეულს.
სტუმრები გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 42 პროექტს და შეხვდნენ ევროპის გუნდის 24 წევრს, მათ შორის ევროკავშირის 21 წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD). 100-ზე მეტმა მეწარმემ საკუთარი პროდუქცია და იდეები წარადგინა, ხოლო სამ სცენაზე 25 აქტივობა გაიმართა: დისკუსიები, ჩვენებები, პერფორმანსები და Bedford Falls-ის დაუვიწყარი კონცერტი.
ლაივ პოდკასტმა მთელი დღის განმავლობაში დიპლომატებს, მწერლებს, ფოტოგრაფებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და კომიკოსებს უმასპინძლა. “მწვანე კუთხეში” კი წარმოდგენილი იყო ევროკავშირის პროექტის “საქართველო მწვანე მომავლისკენ” პარტნიორების საინტერესო აქტივობები, რომლებიც გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას ეძღვნებოდა.
27 ქვეყანა, ერთი ევროპა
9 მაისს, ექსპო ჯორჯიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გააერთიანა და წარმოადგინა იდეები, გამოგონებები და ისტორიები, რომლებმაც თანამედროვე სამყარო შეცვალა. თითოეულმა ქვეყანამ სტუმრებს გააცნო თავისი უნიკალური აღმოჩენები, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება, აზროვნება და ურთიერთობები.
სტუმრებმა აღმოაჩინეს ინტერაქტიული სტენდები, შთამბეჭდავი ინსტალაციები – ყველაფერი, რაც წარმოაჩენდა ევროპის შემოქმედებას, ინოვაციას და საერთო მემკვიდრეობას.