ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის წევრებმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან, შეხვედრა გამართეს

2022 წლის 28 ოქტომბერს, ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) წევრები, ურთიერთობების გაღრმავებისა და მოსაზრებების გაცვლის მიზნით შეხვდნენ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში.

EECP 2022 წლის ივნისში დაარსდა და დღეს უკვე 30 წევრს აერთიანებს, მათ შორის 18 ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციასა და 9 ევროპულ დიპლომატიურ მისიას. EECP წარმოადგენს გამჭვირვალე პლატფორმას ღია კომუნიკაციისთვის, რომელიც ერთ სივრცეში, ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნეს ასოციაციებს და სავაჭრო პალატებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ კორპუსსა და ეროვნული პოლიტიკის შემმუშავებლებს. დღეს, ექსკლუზიური დიალოგი გაიმართა პლატფორმის წევრებს, ევროკავშირის ელჩსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შორის ბიზნესის საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევევბის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გაღრმავებაზე.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ჯონ ბრაეკეველდტმა წარადგინა EECP პლატფორმა, ხაზი გაუსვა არსებული წევრების მრავალფეროვნებას და აღნიშნა, რომ იგეგმება პლატფორმის კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ასევე, განიხილა ის თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომელსაც ქმნის პლატფორმა, რათა განვითარდეს ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური კლიმატი და არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე ბიზნეს გარემო, რომელიც უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოში ინვესტირებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, მათ შორის: ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში; ინვესტორთა საბჭოს სამდივნო; ევროპული ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია; რითეილ ასოციაცია; საქართველოს ცემენტის ასოციაცია; ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია; საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია; საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია; საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია; მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში; საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

  • ნინო უშიკიშვილი, ევროპული ბიზნეს ასოციაცია, Nino.ushikishvili@eba.ge, +995557519577