ეროკომისარი სიმსონი ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოდის
ხვალ (16 ნოემბერს) ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი საქართველოში, თბილისში იქნება ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის პირველ ენერგეტიკულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. ეს დიალოგი ენერგეტიკის სფეროში მრავალთვიანი ინტენსიური ერთობლივი მუშაობის შემდეგ ხდება. საუბარი ევროკავშირის ძირითად ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეეხება. ყურადღების ცენტრში იქნება ევროკავშირის ძირითად ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაში მოყვანა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის განვითარება და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობა. ვიზიტი გასულ კვირას ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის კონტექსტში ხდება.
ევროკომისარი სიმსონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებში ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მაღალი დონის დიალოგის თანათავმჯდომარე იქნება. დიალოგი წარმოადგენს შესაძლებლობას, საქართველოს მიერ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმებისა და ევროკავშირის წესების განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებული წინსვლა შეფასდეს. დისკუსიები საქართველოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში და მის ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში დაფინანსების ინსტრუმენტებზე და ინვესტიციების მოზიდვაზე მეტ ყურადღებას გაამახვილებს. განხილვის ცენტრალური საკითხი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარება იქნება, ასევე მოახლოებული გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის - COP28 კონტექსტში. დიალოგის დასასრულს ევროკომისარი სიმსონი და ვიცე-პრემიერი დავითაშვილი გამართავენ პრესკონფერენციას, რომელიც ევროკავშირის სატელევიზიო საინფორმაციო სერვისის (EbS) არხი გააშუქებს.
შემდეგ ევროკომისარი და ვიცე-პრემიერი ეწვევიან ქართლის ქარის ელექტროსადგურს, რომელსაც ევროკავშირმა ფინანსური მხარდაჭერა მწვანე ზრდის ფონდის (Green Growth Fund) მეშვეობით გაუწია. ეს კავკასიის რეგიონში პირველი ასეთი პროექტია და ის საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტულ გავლენას ასახავს.