ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში ევროკომისია უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის აჩერებს

დღეს ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. ახლა მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა უნდა ჰქონდეთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. ეს გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ იქნა მიღებული.

ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობადი დარღვევის საპასუხოდ.

ვიზა ლიბერალიზაციის მიზანია ადამიანთა შორის კონტაქტების გაღრმავება და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის ხელშეწყობა. 2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიულმა ზომებმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რიგი ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა გამოიწვია. საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომელზეც ვიზა ლიბერალიზაციაა დაფუძნებული.

გარდა ამისა, კომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი სახელმწიფოების საკონსულო უწყებებისა და საზღვრის დაცვის წარმომადგენლებისთვის, რათა წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტიან განხორციელებაში დაეხმაროს.

სახელმძღვანელო მითითებები ითვალისწინებს ევროკავშირის გარე საზღვრების გადამკვეთი საქართველოს ყველა მოქალაქის უფრო მკაცრ შემოწმებას: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი უნდა გამოიყენონ. ამის შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროკავშირში შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა (Visa Information System), შენგენის საინფორმაციო სისტემა (Schengen Information System) და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლა/გასვლის სისტემა (Entry/Exit System), რომელიც ევროკავშირში გასული წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა, უსაფრთხოების შემოწმების დამატებით დონეს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, როდესაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები შენგენის ვიზაზე განაცხადს შეიტანენ, წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება - მათ შორის, გასაუბრება ჩაატარონ და ამ განმცხადებლებისგან დამატებითი დოკუმენტები მოითხოვონ. თუ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდება, წევრმა სახელმწიფოებმა ვიზის გაცემაზე უარი უნდა თქვან.

შემდეგი ნაბიჯები

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ძალაში შევიდა დღეს და 12 თვის განმავლობაში — 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება. თუ საქართველოს ხელისუფლება არ მოაგვარებს მმართველობასა და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს, კომისიას შეუძლია შეჩერება 24 თვემდე ვადით გააგრძელოს. კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელება. ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს.

სახელმძღვანელო მითიღებები წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საბჭოში („Visa Working Party“) 27 მარტს წარედგინება. კომისია წევრ სახელმწიფოებთან ერთად მათი შესრულების პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

საკითხის ისტორია

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას, რისი შეთავაზებაც კომისიამ 2024 წლის დეკემბერში მოახდინა და საბჭომ 2025 წლის იანვარში დაამტკიცა; ამ გადაწყვეტილებას უკვე ახორციელებს ევროკავშირის 19 წევრი სახელმწიფო.

დღევანდელი გადაწყვეტილება, ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის დონეზე ხელახლა აწესებს ვიზის მოთხოვნას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის (ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე ყოფნისთვის); ამავდროულად უზრუნველყოფს, რომ ამ ჯგუფებისთვის გამონაკლისები ორმხრივ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით აღარ იქნება შესაძლებელი.

შეჩერება კომისიის აღმასრულებელი რეგულაციის სახით არის მიღებული და ტექნიკური კომიტეტის პროცედურის შესაბამისად, წევრი სახელმწიფოებისგან დადებითი მოსაზრება 2026 წლის თებერვალში მიიღო.

ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმი, რომელიც ძალაში 2025 წლის დეკემბერში შევიდა, ევროკავშირს უფრო ძლიერ და სწრაფ ინსტრუმენტებს სთავაზობს უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების, უსაფრთხოების რისკებისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლის საპასუხოდ.

დამატებითი ინფორმაცია

კომისიის აღმასრულებელი რეგულაცია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზასთან დაკავსირებული გამონაკლისის დროებით შეჩერების შესახებ (ინგლისურ ენაზე)

სახელმძღვანელო მითითებები საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელთა მიერ წარდგენილი სავიზო განაცხადების შეფასებისა და ევროკავშირის გარე საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეთა კონტროლის შესახებ (ინგლისურ ენაზე)