კიბერუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ევროკავშირმა კიბერუსაფრთხოების ბიუროს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა

30.06.2021

კრიტიკული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დაცვისა და კიბერსაფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს 231, ooo აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

 

2021 წლის 29 ივნისს, ევროკაშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კიბერუსაფრთხოების ინტეგრირებული სისტემები გადასცა, რომელიც მოიცავს როგორც ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე პროგრამულ მხარდაჭერას. აღნიშნული დახმარება განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა “SAFE”-ის ფარგლებში, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით. 

გადაცემის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, ლევან გიორგობიანი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ევია კოტანი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და UNOPS-ის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შეძენილი კიბერუსაფრთხოების სისტემები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სისტემაში ძლიერი და ეფექტური მექანიზმების შექმნას კრიტიკული ინფასტრუქტურისა და მონაცემების ეფექტურად დაცვის უზრუნველსაყოფად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის, ლევან გიორგობიანის თქმით, „უნდა აღინიშნოს, რომ კიბერ სივრცეში წარმატების მიღწევა ერთიანი მიდგომის არსებობას მოითხოვს. ეფექტურობას ვერ მივაღწევთ საჭირო ადამიანური რესურსების, ტექნოლოგიებისა და ფინანსების გარეშე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “SAFE”-ის მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით, რომ არსებული ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღგვეჭურვა. ამასთან, პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ტექნიკური პერსონალის გადამზადებაც. ევროკავშირთან და UNOPS-თან სამაგალითო თანამშრომლობამ შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეძლიერებინა კიბერუსაფრთხოება როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე ეროვნულ დონეზე.“

ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული კიბერუსაფრთხოების თანამედროვე აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვამ გააუმჯობესა ბიუროს ტექნოლოგიური შესაძლებლობები. ეს გაუმჯობესება შესაძლებლობას იძლევა, თავიდან იქნას აცილებული კიბერსაფრთხეები, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არაავტორიზებული შეღწევისა და მონაცემების დაკარგვის შემთხვევები და აქედან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის კიბერსივრცეში შეიქმნას უსაფრთხო გარემო. გარდა ტექნოლოგიური მხარდაჭერისა, პროექტის ფარგლებში ბიუროს ტექნიკურმა პერსონალმა შესაბამისი გადამზადებაც გაიარა. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ევია კოტანი: „დღევანდელი ღონისძიება არის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი დიდი თანამშრომლობის ნაწილი. ევროკავშირის „SAFE” პროგრამის ერთი ნაწილი არის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან კიბერსაფრთხეები და კიბერშეტევები გავლენას ახდენს არა მარტო საქართველოზე, არამედ ყველაფერზე, რასაც ერთად ვქმნით. ასე რომ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობის გაძლიერებით.”

გადაცემის ცერემონიის შემდეგ კიბერუსაფრთხოების ბიურომ წარმოადგინა თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია 2021-2024 წლებისთვის.

„ჩვენ გავეცანით კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ პრეზენტაციას, რასაც მნიშვნელოვნი კავშირი აქვს პროექტთან იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო საკანონმდებლო ჩარჩო. ყველა იმ ინსტიტუტმა, რომელიც ჩართული იყო პროექტში ერთიან წესებზე დაყრდნობით უნდა იმუშაოს. აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირი მოქმედებს ‘მთელი საზოგადოებისთვის სარგებლიანობის’ მიდგომაზე დაყრდნობით უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერისას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ყველა ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეების დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვას, მონაცემების დაცვასა და კანონის უზენაესობას განმტკიცებას,” - განაცხადა ევია კოტანმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.

UNOPS-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, მიკელ ბოჰოლტი: „გაეროს განვითარების მიზნების გათვალისწინებით, UNOPS-ი მოხარულია, რომ კიბერუსაფრთხოების ბიუროსთვის წარმატებით შეისყიდა კიბერუსაფრთხოების კრიტიკული აღჭურვილობა და გადაამზადა ბიუროს ტექნიკური პერსონალი. ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და პროექტის მართვის მიმართულებებით ჩვენი მანდატის გათვალისწინებით, UNOPS-ი დაეხმარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს, გაეუმჯობესებინა ტექნოლოგიური და ინსტიტუციური შესაძლებლობები. ვამაყობთ, რომ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით “SAFE”-ის პროექტის ფარგლებში ჩვენ პარტნიორებს სახელმწიფო სისტემაში ვეხმარებით ეფექტური და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფაში.”

ევროკავშირის „SAFE“ პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტი „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" არის „SAFE“ პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ და ტექნიკურ გაძლიერებას. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველსაყოფად. პროექტის განმახორციელებელია გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი საქართველოში (UNOPS), რომელიც წარმართავს შესყიდვების, მიწოდებისა და პერსონალის გადამზადების პროცესს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და კიბერუსაფრთხოების ბიურო ერთ-ერთ მთავარი პარტნიორები არიან პროექტის განხორციელების პროცესში.