პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება
რადიო თავისუფლებისა და სხვა მრავალი მედია ორგანიზაციის წინაშე მდგარმა გამოწვევებმა 2025 წელს კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რა სერიოზულ საფრთხეებს აწყდება თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. მასშტაბურმა დაფინანსების შემცირებამ, პოლიტიკურმა რეპრესიებმა და ჟურნალისტებზე გაზრდილმა ძალადობამ მედია სექტორი ღრმა კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. როდესაც საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელ მედიას არსებობისთვის უწევს ბრძოლა, ავტორიტარული რეჟიმები და დეზინფორმაციის გამავრცელებლები სწრაფად იკავებენ არსებულ სიცარიელეს — ამახინჯებენ ფაქტებს და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ.
სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების მიმართ მზარდი მუქარით — მათ შორის ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში განხორციელებული დაშინებითა და თავდასხმებით, თვითნებური დაკავებებით, სამართლებრივი დევნითა და ტრანსნაციონალური რეპრესიებით, რაც მიზნად მათ გაჩუმებას ისახავს. განვითარებადი ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, ამ რისკებს კიდევ უფრო ამძაფრებს და მასობრივი მეთვალყურეობისა და მიზანმიმართული შევიწროების შესაძლებლობას ქმნის.
ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს UNESCO-ს ძალისხმევას ჟურნალისტების გლობალური დაცვის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით ქალ ჟურნალისტებზე, რომლებიც გენდერული ნიშნით დამატებით საფრთხეებს აწყდებიან. UNESCO-ს მონაცემები და მონიტორინგის მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ დაუსჯელობას ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ეფექტიანად ვუპასუხოთ.
დღეს, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ესაჭიროება მტკიცე და სწრაფი მხარდაჭერა. მის გარეშე, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ დემოკრატიის არსებობას, არამედ მოქალაქეთა უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და ინფორმირებულობის უფლებას.
ევროკავშირი მიესალმება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავებულ პრინციპებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და ინფორმაციული გარემოს მხარდაჭერას. ეს პრინციპები უნდა იქცეს კონკრეტულ და გადამწყვეტ ნაბიჯებად — დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის აღსადგენად და გასაძლიერებლად.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ერთგულებას — დაიცვას თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა იმ უპრეცედენტო საფრთხეების ფონზე, რომლებსაც ის დღეს აწყდება. პრესის თავისუფლების გარეშე ზიანდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობა და ძალაუფლების გამჭვირვალე კონტროლი. დამოუკიდებელი, მრავალფეროვანი და სიცოცხლისუნარიანი მედია დემოკრატიის მდგრადობისა და არსებობის ფუნდამენტია. ახლა დროა ვიმოქმედოთ — ამ ღირებულებების დასაცავად და მედია სექტორის მომავლის უზრუნველსაყოფად.
ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.