რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: ევროკავშირი დამატებით 65 ფიზიკური პირისა და 18 სუბიექტის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს
დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომების დაწესების შესახებ დამატებით 65 ფიზიკურ პირისა და 18 სუბიექტის მიმართ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი და საფუძველს მოკლებული სამხედრო აგრესიის და სხვა ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს გადაწყვეტილება არის საბჭოს მიერ დღეს უკვე მიღებული სანქციების სრული მეექვსე პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
„არ შეიძლება ომის დანაშაულებები დაუსჯელი დარჩეს. დღეს ჩვენი სანქციების სიას ვამატებთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ გაუმართლებელი ომისა და ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილი ომის დანაშაულებებზე, ვამატებთ უფრო მეტ ადამიანს სამხედრო და ეკონომიკური ელიტიდან და მათ, ვისაც მჭიდრო კავშირი აქვს პრეზიდენტ პუტინთან, და მხარს უჭერს მის უკანონო აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ,“ - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
65 პირისგან შემდგარი სია მოიცავს რუსეთის არმიის იმ ქვედანაყოფების ხელმძღვანელ სამხედრო პერსონალს, რომელმაც მოკლა, გააუპატიურა და აწამა მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მათ შორის არის პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვი, მეტსახელად "ბუჩას ჯალათი". სიაში ასევე არიან ქალაქ მარიუპოლის არაადამიანურ ალყაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, მეტსახელად „მარიუპოლის ჯალათი“ და ისინი, ვინც 2022 წლის მარტში მონაწილეობდა ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობის ორგანოს, ე.წ. მშვიდობისა და წესრიგის ხსნის კომიტეტის შექმნაში. და ბოლოს, ევროკავშირი სანქციებს უწესებს პოლიტიკოსებს, პროპაგანდისტებს, წამყვან ბიზნესმენებს და უკვე სანქცირებული პირების ოჯახის წევრებს. ყოფილი ტანმოვარჯიშე და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (State Duma) წევრი ალინა კაბაევა ასევე შედის სიაში, როგორც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოვებული პირი.
სანქცირებული 18 სუბიექტი მოიცავს სხვადასხვა კომპანიას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს და რუსეთის ფედერაციის მთავრობას, მათ შორის რუსეთის ფასიანი ქაღალდების უმსხვილეს დეპოზიტარს, ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარს.
მთლიანობაში, ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ამჟამად სულ 1158 ფიზიკურ პირსა და 98 სუბიექტზე ვრცელდება. მათი აქტივები გაყინვას ექვემდებარება და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, რომ მათთვის სახსრები ხელმისაწვდომი გახადონ. ფიზიკური პირები დამატებით ექვემდებარებიან მოგზაურობის აკრძალვას, რაც ევროკავშირის ტერიტორიებზე მათ შესვლას ან ტრანზიტს აბრკოლებს.
ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აუწერელია. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუყონებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა და ყველა დაინტერესებული მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილება. იგი ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რუსეთში იძულებით გაყვანილი უკრაინელი პირების უსაფრთხო დაბრუნება.
ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის ხელშეუვალი უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში.
შესაბამისი სამართლებრივი აქტები, მათ შორის ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების სახელები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში არის გამოქვეყნებული.
ევროკავშირის შემაკავებელი ზომები უკრაინის კრიზისის საპასუხოდ (პოლიტიკა)
ევროპული საბჭოს დასკვნები უკრაინასთან დაკავშირებით, 2022 წლის 30 მაისი
ინგლისურნოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.