სამხრეთ კავკასია: კომისარი ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი 6-დან 9 ივლისამდე სამხრეთ კავკასიაში გაემგზავრება და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ეს რეგიონის ქვეყნებში ევროკომისრის პირველი მისია იქნება. ვიზიტი მოჰყვება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დღევანდელ მიღებას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აღდგენის, მდგრადობისა და რეფორმების განახლებული დღის წესრიგი ეფუძნება.
პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს კომისარი ვარჰეი წარადგენს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას რეგიონისთვის და მის საფლაგმანო ინიციატივებს ყოველი ქვეყნისთვის. იგი ასევე განიხილავს სამივე ქვეყნიდან თითოეულთან ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო საკითხებს. კომისარი დაადასტურებს ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნების სოლიდარობას COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველოში კომისარი ვარჰეი შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავას და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე პატრიარქს ილია მეორეს.
აზერბაიჯანში ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სამირ ნურიევთან, ეკონომიკის მინისტრთან მიქაილ ჯაბაროვთან და ენერგეტიკის მინისტრთან ფარვიზ შაჰაბაზოვთან.
სომხეთში კომისარი ვარჰეი შეხვდება პრეზიდენტ არმენ სარქისიანს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ პაშინიანს, პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მგერ გრიგორიანს და პატრიარქს გარეგინ მეორეს.
ვიზიტის აუდიოვიზუალური გაშუქება ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის სატელევიზიო საინფორმაციო სამსახურის EbS (Europe by Satellite) არხზე.