საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის (საგარეო საქმეთა კომიტეტი) მომხსენებელის და ევროპარლამენტის წევრის სვენ მიქსერის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 03.02.2022
(ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან)
უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ მას შემდეგ, რაც ეს ვიზიტი ბევრჯერ გადაიდო კოვიდ პანდემიის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეზღუდვების გამო. ქ-მა თავმჯდომარემ ძალიან გულისხმიერად წარმადგინა, უბრალოდ მინდა დავამატო, რომ საქართველოში ჩამოვედი, როგორც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე. ეს არის მოხსენაბა, რომელსაც ევროპარლამენტი პერიოდულად ამზადებს ასოცირებულ ქვეყნებთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით. ცხადია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან ქვეყნის განსაკუთრებულ და პრივილეგირებულ ურთიერთობას წარმოადგენს.
ვიცით, რომ საქართველოს მისწრაფებები სცილდება დღევანდელ ჩვენს ურთიერთობებს და მე მჯერა, რომ ეს ძალიან ლეგიტიმური მისწრაფებები არის. ცხადია, ამ მისწრაფებების რეალიზება დიდად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებს საქართველოს ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ მხოლოდ ამ შეთანხმების შესრულებით არ შემოიფარგლება, ასე რომ მზაობა სინამდვილეში ძალიან მრავალმხრივია.
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ევროპარლამენტი, ისევე როგორც სხვა ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გვერდში უდგას საქართველოს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საკუთარი ბედი, მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ მისწრაფებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობასთან დაკავშირებით. ეს ფუნდამენტური პრინციპია. წინა მომხსენებელმა ისაუბრა ევროპაში უსაფრთხოების ძალიან დაძაბულ ვითარებაზე, განსაკუთრებით რუსეთის თავდაჯერებულობაზე და აგრესიულობაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომლითაც იგი ცდილობს ევროპული უსაფრთხოების მექანიზმებისა და სტრუქტურის პრინციპები და საფუძვლები შეარყიოს. ვფიქრობ, რომ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში არის ძალიან მყარი შეთანხმებული პოზიცია, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების, პრივილეგირებული გავლენის სფეროების ამ ძველ კონცეფციასთან დაბრუნება არ იქნება, რუსეთის თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მხრიდან. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს არც ვეტოს, არც ხმის უფლება ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების არჩევანთან დაკავშირებით. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური სპექტრის მიერ ძალიან ძლიერია.
ის ასევე ძალიან ძლიერია სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუტებში და ერთი ფაქტორი, მთავარი ფაქტორი, რომელიც შესაძლებელს ხდის ამ ძალიან ძლიერ შეთანხმებულ მხარდაჭერას, არის ის, რომ ეს მისწრაფებები სარგებლობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები, ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას დაუახლოვდეს ევროპას, დაუახლოვდეს ევროპულ ინსტიტუტებს და ასევე მხარს უჭერს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სრულუფლებიან წევრად შესვლის საბოლოო მიზანს. ეს გვიადვილებს იმის თქმას, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერის მანიშნებელი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების მხარდაჭერა.
ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომლის გამოხატვაც მსურს: მჯერა, რომ აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა კლასმა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა რეალურად გაამართლონ ხალხის მოლოდინი და იმედი არ გაუცრუონ. პოლიტიკა, არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სულ უფრო ანტაგონისტური, სულ უფრო პოლარიზებული ხდება. საქართველო, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მაგალითი ამ პოლიტიკური ანტაგონიზმის და პოლიტიკური პოლარიზაციის, რომელიც პოლიტიკურ დისკურსს, პოლიტიკურ პროცესს პერიოდულად აჩერებს. არ მჭირდება ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთი ჩიხური მდგომარეობა, ასეთი მუდმივი დაპირისპირება აშკარად ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს, თუ ის არ დარეგულირდება ისე, რომ პოლიტიკური დისკურსი ნორმას დაუბრუნდეს.
ევროკავშირმა (საქართველოს) საჭიროების დროს თავისი ხელშეწყობა და დახმარება შესთავაზა. ცხადია, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს საქართველოს მოქალაქეები უნდა გაუმკლავდნენ. ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს, ხელი შეუწყოს, ვფიქრობ, ეს აჩვენა ჩვენმა წარმომადგენლობამ ამ ქვეყანაში, და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციის და ხელშეწყობის შედეგად მიღებულმა შეთანხმებამ. ჩვენი, როგორც ევროპარლამენტის, შეთავაზება არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია: ჟან მონეს დიალოგი. ეს შეთავაზება კვლავაც ძალაშია, თუ და როდესაც საქართველო იგრძნობს, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს.
ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ბრძოლასთან, პოლიტიკურ უთანხმოებასთან და დაპირისპირებასთან პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ. ის, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ საზრუნავზე და ვიცით, რომ გამოკითხვები აჩვენებს, რომ დასაქმება, სოციალური კეთილდღეობა, არის ის, რაც ადამიანების უმეტესობას აწუხებს. რეალურად ეს არის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფართო მიზანი - ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება, დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება, სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება, ეს არის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ცენტრში. მისი განხორციელება ასევე მოიცავს უამრავ საკანონმდებლო მუშაობას, ვნახეთ მნიშვნელოვანი წინსვლა ზოგიერთ სფეროში. ვიცით, რომ ასევე არის მნიშვნელოვანი სფეროები, სადაც ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. საკანონმდებლო მუშაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ განხორციელება, რაც პირველ რიგში აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია. შემიძლია ვთქვა ეს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ევროპა წინა ხაზზე იყო ამ განხორციელების ძალისხმევის მხარდაჭერაში არა მხოლოდ მორალურად, არამედ ძალიან ხელშესახები მატერიალური საშუალებებით. და ამ მხარდაჭერამ მრავალი ნახსენები რეფორმის წარმატებით განხორციელებას ხელი შეუწყო.
ასევე მრავალმხრივია გამოწვევებიც. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური სამუშაო კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით, არამედ არის სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები, პირობები და სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის ინსტიტუტებთან ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯისთვის უფლებამოსილი გახდეს. ეს კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან, მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს მოიცავს.
მინდა დავასრულო იმით, რომ მოლაპარაკება ევროპასთან დაახლოებასთან დაკავშირებით სპორტულ გუნდში მოხვედრის სწრაფვას ჰგავს - ვთქვათ, საესტაფეტო გუნდში - თუ ოლიმპიურ გუნდში მოხვედრა გინდა, 100 მეტრი უნდა გაირბინო დაახლოებით 10 წამში. სტანდარტებზე მოლაპარაკება არ შეიძლება, უბრალოდ უნდა აკმაყოფილებდე სტანდარტებს. თითქმის 20 წლის წინ შევუერთდი ესტონეთის მთავრობას იმ დროს, როდესაც ჩვენ ვაპირებდით ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასრულებას. ძალიან კარგად ვიცი, რომ იმ დროს ეს მოლაპარაკებები ევროპულ სტანდარტებსა და ესტონურ სტანდარტებს შორის „ოქროს შუალედის“ პოვნზე არ იყო, არამედ ევროპული სტანდარტების დონის შესაბამისად სტანდარტების ამაღლებას ეხებოდა.
მინდა ვთქვა, რაც ევროპარლამენტში მინახავს - ეს არის კომპრომისზე ძალიან ორიენტირებული ინსტიტუტი, შესაძლოა იმაზე მეტადაც, ვიდრე ჩემი ეროვნული პარლამენტი იყო. მინახავს ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკოსების ან პოლიტიკური პარტიების მზადყოფნა იპოვონ, თუ რა აქვთ საერთო და ამაზე დაყრდნობით იმუშაონ, დაამყარონ კავშირები, წავიდნენ კომპრომისებზე - ეს განიხილება, როგორც სიმწიფის, როგორც სიძლიერის ნიშანი, ის რაც დასაფასებელია. ძალიან ხშირად ვხედავ საქართველოში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთან ან სულაც პოლიტიკასთან კავშირის არ მქონე ადამიანებთან საუბრისას, რომ კომპრომისზე წასვლის, კავშირების დამყარების მზადყოფნა სისუსტის ნიშნად აღიქმება. ვფიქრობ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების დაძლევა და იმ ეტაპამდე მისვლა, როდესაც საერთო პოზიციის პოვნის უნარი იმასთან, ვინც შეიძლება იყოს თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ან კონკურენტი, განიხილება, როგორც სიმწიფის და სიძლიერის ნიშანი. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სფეროებს, სადაც საერთო პოზიცია არსებობს და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ასეთი სფეროა. და ასეთი სფეროებისთვის, როდესაც პოლიტიკური მოსაზრებები ერის საერთო სტრატეგიულ მიზანზე მაღლა დგას, საჭიროა ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად.
ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შანსი მონაწილეობა მიმეღო ძალიან ნაყოფიერ შეხვედრებში როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დამოუკიდებელი ინსტიტუტების წარმომადგენლებთანთან და რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაგრამ, როგორც პარლამენტის წევრი, განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ვარ აქ, კოლეგებთან, რადგან ეს არის საპარლამენტო დემოკრატია და ქვეყნისა და საზოგადოების მიმართულებაზე უპირველესი პასუხისმგებლობა პარლამენტის არჩეულ წევრებს ეკისრებათ. და ბოლოს, მინდა გამოვხატო ჩემი სიხარული, რომ პოლიტიკური დისკურსის პარლამენტში დაბრუნების რამდენიმე ნაბიჯი დავინახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთულია, (პროცესი) წინ ასე უნდა წავიდეს. ძალიან დიდი მადლობა.