საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მისასალმებელი სიტყვა ჟან მონეს წამყვანი ცენტრის პროექტის გახსნაზე კავკასიის უნივერსიტეტში

 

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან.

საღამო მშვიდობისა,

ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო პროფესორ შენგელიას და კავკასიის უნივერსიტეტს დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისთვის, ასევე  პროფესორებს, ექსპერტებსა და მკვლევრებს, რომლებიც დღეს აქ მობრძანდნენ.

ამ ღონისძიებას ვხედავ, როგორც სასარგებლო მოთელვას მოახლოებული ევროპის დღის აღნიშვნის წინ. იმ დღისა, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ევროკავშირის ისტორიას, ღირებულებებსა და მიღწევებს და პატივს მივაგებთ მის დამფუძნებელ მამებს, მათ შორის ჟან მონეს.

კავკასიის უნივერსიტეტისთვის ჟან მონე უცხო არ არის, წარსულში ის ჟან მონეს რამდენიმე პროექტზე მუშაობდა და დღეს აღნიშნავს თავის ბოლო მიღწევას, როგორც საქართველოსთვის წამყვანი ცენტრის კატეგორიაში გრანტის პირველი მიმღები! გილოცავთ!

ცხადია, უკეთეს დროს ვერც შეარჩევდით, მაშინ როდესაც საქართველომ ევროკავშირში წევრობის განაცხადი სულ ახლახან შეიტანა. ეს ჰგავს ნაყინის დახლის გახსნას პაპანაქება სიცხის დადგომამდე!

თქვენი საქმიანობა ახლა უფრო საჭირო იქნება, ვიდრე ოდესმე, რადგან ევროკავშირის საკითხის სწავლების, კვლევისა და მისი პოლიტიკის დისკუსიასთან დაკავშირებულ თემას სჭირდება კიდევ ერთი ხარისხობრივი ნაბიჯის გადადგმა ამ პროცესის მხარდასაჭერად.

თუმცა 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა, გარკვეულწილად სწრაფი იყო, მაგრამ საბოლოოდ თითქმის გარდაუვალი, უკრაინისა და მალევე მოლდოვას კვალდაკვალ.

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს სურს, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა და საქართველოს არცერთ მთავრობას არ მიეცემოდა ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვების უფლება.

მაგრამ ეს არ ხდება რისკების გარეშე, რადგან ეს არის დიდი ხნის ნანატრი წამოწყება, რომელსაც წარმატება სჭირდება. რაც, თავის მხრივ, მოითხოვს გარკვეული რთული გამოწვევების დაძლევას აქ, საქართველოში.

მაგრამ ცხადია, პირველ რიგში, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა. და სწორედ ეს შესაძლებლობა უნდა იყოს ყურადღების ცენტრში, მას სჭირდება წახალისება და ამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი პროცესების წარმართვა, რისკებზე ფხიზლად თვალის მიდევნებით.

ერთ-ერთი მათგანია გადაჭარბებული მოლოდინი. ამჟამად ევროკავშირის საბჭო და კომისია საკითხებს უპრეცედენტო ტემპით განიხილავენ. ის, რის მისაღწევად ისლანდიას - დემოკრატიის დიდი ისტორიისა და საბაზრო ეკონომიკის მქონე, ნატოსა და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრს - 9 თვე დასჭირდა იმ დღეებში, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვდა, ახლა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის 2 თვეში გაკეთდება.

ეს ხაზს უსვამს უნიკალურ მომენტს და ძლიერი გზავნილია ევროკავშირის მზადყოფნის შესახებ, მიიღოს პარტნიორები რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე.

მაგრამ როგორც ბევრმა ამ ოთახში მყოფმა იცის, გაფართოება არასოდეს ყოფილა აგებული სწრაფ პროცედურებზე და კუთხეების მოჭრაზე. თავად ევროპული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ამჟამინდელი წევრებისთვის. ძალიან მალე შემოვა კოპენჰაგენის კრიტერიუმების ლოგიკა - რომელიც, მოგეხსენებათ, მოიცავს განმსაზღვრელ წესებს, არის თუ არა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შესაფერისი.

ეს არის პროცესი, რომლის განხორციელებასაც წლები და არა თვეები ან კვირები დასჭირდება, მაგრამ სადაც თამაშის წესები ნათლად არის ჩამოყალიბებული. როგორც ვიცით, ევროპული პერსპექტივა, ან თუნდაც კანდიდატის სტატუსი არ იძლევა გარანტიას, რომ პროცესი სწრაფი და ჭეშმარიტად გარდამქმნელი იქნება. დასავლეთ ბალკანეთში, სადაც ქვეყნებმა ევროპული პერსპექტივა 20 წელზე მეტი ხნის წინ მიიღეს, მხოლოდ ერთმა - ხორვატიამ - ჯერჯერობით მოახერხა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გამხდარიყო.

მაგრამ საქართველოს წევრობაზე განაცხადის რეალური სიძლიერე არის მის მოსახლეობაში და მათ მძლავრ სურვილში ქვეყანამ ევროპისკენ აიღოს ორიენტირი; თავის ისტორიულ ფესვებში; შედარებითი სიმარტივე, რომლითაც ვხედავ, რომ ეს ქვეყანა იღებს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს (მიუხედავად დღევანდელი წინააღმდეგობისა ზოგიერთი საკითხის მიმართ თანასწორობასა და უმცირესობებთან დაკავშირებით); და იმაში, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს წარმატება და მზად არის დაეხმაროს მას ამ გზაზე. როგორც ამას უკვე მრავალი წელია ვაკეთებთ და გვაქვს განზრახვა მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ.

თქვენ უნდა გადახედოთ ევროკავშირში მისაბაძ მოდელებს, რაც დაგეხმარებათ. ჩემი აზრით, საქართველო უპირველეს ყოვლისა უნდა უყურებდეს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც მრავალი თვალსაზრისით შეხვდნენ დღეს საქართველოს წინაშე არსებულის მსგავს გამოწვევებს, მაგრამ საბოლოოდ ყველამ მოახერხა ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც 2004 წლის კლასის განუყოფელმა და უცილობელმა ნაწილმა.

დღეს საქართველოსთვის დადგა მომენტი, რომელსაც  „ფხიზლად ყოფნა“ მინდა ვუწოდო, რომ იმოქმედოს მრავალი წლის წინ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად, რომელიც 3 მარტის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ამ მომენტის ნაწილია დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოების ყველა საყრდენი სწორად არის მომზადებული. აკადემია არის ასეთი საყრდენი, რომელიც ამ უნივერსიტეტში და დღევანდელ ღონისძიებაზე მაბრუნებს - რაც, როგორც ადრე აღვნიშნე, ძალიან დროული ღონისძიებაა და წამყვანი ცენტრის ძალიან დროული პროექტი.

ამ სიტყვებით მინდა დიდი წარმატება გისურვოთ. მთავარია, რომ გვჭირდება მეტი ადამიანი, ვინც სათანადოდ გაიგებს ევროკავშირის სირთულეებს და თავისებურებებს საქართველოში. ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანი, ვისაც სურს თქვენს რჩევებს მოუსმინოს.