საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“
ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან.
ქალბატონო პრეზიდენტო, პარლამენტის წევრებო, ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო,
უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით მადლობა გადავუხადო დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებს. იმ ვითარებაში, როდესაც ევროპის მთელი კონტინენტი სწრაფი და ტექტონიკური ცვლილებების პერიოდს გადის, სასაუბროდ უფრო რელევანტურ თემას ვერ შეარჩევდით.
რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი ომი უკრაინაში არღვევს წესებზე დაფუძნებული ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ყველა წესს, რომელიც ამ კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში იყო დამკვიდრებული. ომმა აიძულა ევროპა გადაეხედა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ცნებებისა და საშუალებებისთვის. მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გლობალური სავაჭრო გზებისთვის.
მან ევროპა გამბედაობის ახალ დონეზე გადაიყვანა; ეს არის უკრაინის გვერდში დგომა - მხარდაჭერა, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით უკვე შეიძლება შეფასდეს მილიარდობით ევროში - და რუსეთისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანის მიყენება სანქციების ხუთი პაკეტის საშუალებით და მსოფლიო დონეზე რუსეთის იზოლაციაზე მიმართული აქტიური პოლიტიკით.
რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორიც არ უნდა იყოს მისი შედეგები, ცხადია, რომ ევროპა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.
მაგრამ ნება მიბოძეთ, სხვებს დავუტოვო ასპარეზი, რომ ამ ომის ფართო ზეგავლენა უფრო დეტალურად განიხილონ, და ამის ნაცვლად, გამოვიყენო ჩემი დრო ამ ტრიბუნასთან 24 თებერვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების ძალიან კონკრეტულ ასპექტისა და შედეგების ასასახად - ეს არის საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, უკრაინის კვალდაკვალ და მოლდოვასთან ტანდემში.
შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას გამოქვეყნდება ევროკომისიის მოსაზრებები, რის შემდეგაც მათ ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც შესაძლოა ერთი თვის შემდეგ იყოს მიღებული.
მე მოვერიდები საკუთარი ვარაუდების გამოთქმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება, ან როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით.
თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგი - მოსალოდნელზე ნაკლები, მოსალოდნელზე მეტი, კონკრეტული პირობებით თუ მათ გარეშე - დასკვნა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ახლა საქართველო მუშაობას უნდა შეუდგეს! მიუხედავად იმისა ეს სამუშაო სადგურიდან უკვე დაძრული მატარებლის დაწევა იქნება თუ იმაში დარწმუნება, რომ აღებული ბილეთი შემდეგ სადგურამდე მიგიყვანთ, საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა იმ ყველაფრის სერიოზულად და მდგრადად შესასრულებლად, რაც აუცილებელია ევროკავშირის სამომავლო წევრობაზე სანდო განაცხადის გასაკეთებლად.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, წარმატებისთვის საჭიროა ერთიანობა. არსებითად, ეს ნაკლებად არის პრობლემა. მთელი სპექტრის მასშტაბით მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ ერთიან მოწოდებებს ვხედავ. რეალური პრობლემა არის ასეთი მოწოდებების გაკეთებისას ყველა მონაწილეს ერთ ოთახში შეკრება და სამომავლო დღის წესრიგის ერთად ჩამოყალიბება. ყველას ჩართულობა, ვინც მზად არის ამ პროცესთან დაკავშირებული თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.
მე არ ვარ გულუბრყვილო და არ ვფიქრობ, რომ მარტივად შეიძლება დამყარება პოლიტიკური კულტურისა, სადაც ერთმანეთს უსმენენ ნაცვლად ერთმანეთისთვის მონების, ომის მომხრეების, პუტინისტების, მოღალატეების ან ე.წ. „უინტერესოს“ წამოძახებისა. თუმცა, ეს გამოწვევა როგორმე უნდა დაიძლიოს.
ეხლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო – ეხლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა.
მოდით კიდევ ერთი რამე გავხადოთ ნათელი. ევროკავშირის გაფართოება, მიუხედავად ამჟამინდელი უპრეცედენტო სისწრაფით მიმდინარეობისა, საბოლოოდ არასოდეს იქნება დაკავშირებული სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასა და მოკლე გზების ძიებასთან ანდა მხოლოდ გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ასახვასთან. იმიტომ რომ ევროკავშირის პროექტი, როგორც ასეთი, ძალიან მნიშვნელოვანია ამის დასაშვებად.
თავისი რესურსებისა და სუვერენიტეტის გაერთიანებით, წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირში დიდი ინვესტიცია განახორციელეს, რათა შეექმნათ მსოფლიოში უდიდესი შიდა ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო აქტორი და განვითარებაზე მიმართული გლობალური დახმარების უდიდესი დონორი გამხდარიყვნენ. და ბოლო 25 წლის განმავლობაში, წევრი ქვეყნები სულ უფრო ხშირად თავიანთ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტრუმენტებს აერთიანებენ. ეს იგივე ინსტრუმენტებია, რომლებსაც ამჟამად უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ ვიყენებთ. საღად გვესმის, რომ მხოლოდ ერთად დგომით ევროპა შეძლებს ჰქონდეს რეალური ხმა და უნარი 21-ე საუკუნის ჩამოსაყალიბებლად. ეფუძნებოდეს იმ ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს - ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
ამჟამად სასწორზე სწორედ ეს ინვესტიციაა. და სწორედ ამიტომ არის, რომ ნებისმიერი ახალი წევრისგან მოველით არა მხოლოდ ჩვენი ღირებულებებისა და სტანდარტების სრულ დაცვას, არამედ საბოლოო ჯამში ევროკავშირის მეტად გაძლიერებაში წვლილის შეტანას.
ევროკავშირის გაფართოება არ არის კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის განწყობის საზომი. ეს არის ევროპულ გზაზე კანდიდატი ქვეყნის მტიცე და შეუქცევადი წინსვლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეფორმების განხორციელების მონდომებისა და უნარის საზომი.
მე ამ ბოლო კვირებს საქართველოსთვის „ფხიზლად ყოფნის“ მომენტი ვუწოდე, რადგან ჩვეულებივი ყოველდღიურობა აღარ არის. ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადით, თქვენ, ერთის მხრივ, იყენებთ უნიკალურ დროს და შესაძლებლობას, რომ სერიოზულად წინ წაიწიოთ სტრატეგიულ მიზნებთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს. ამასთანავე, მეორე მხრივ, ასევე ფსონები აწიეთ.
რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველოს ლიდერებს აქვთ ყველა მიზეზი იმისათვის, რომ იამაყონ იმ მიღწევებით, რომელთა გამოც თქვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ „აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერი ქვეყნის“ არაფორმალური საპატიო წოდება მიენიჭა. პოლიტიკა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით გაფორმება და საქართველო-ევროკავშირს შორის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დამყარება - ეს არის მიღწევები, რომლებიც თქვენ მომავალშიც გამოგადგებათ. ამავე დროს, საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია. უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო.
საიდუმლოს არ გავამხელ, რადგან თქვენ ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ევროკავშირის საზოგადოების რეაქცია გასული წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და მათი შეკითხვები ისეთ საკითებთან დაკავშირებით, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტენდენცია; 5 ივლისის ძალადობა და მისი შედეგები, რამაც გავლენა იქონია უმცირესობების უფლებებსა და ჟურნალისტების დაცვაზე; ფაქტები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას; ფარული მოსმენების პრაქტიკა ადამიანის უფლებების, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით; და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების მიმართ პატივისცემას.
და ეს არ არის მეორეხარისხოვანი მოვლენები. ყველა მათგანი პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, როგორც ეს ჩამოყალიბებულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში.
თუმცა შეიძლება გსურდეთ ზოგიერთი ამ მოვლენის ახსნა - როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს - შეუძლებელია ავირიდოთ ფაქტი, რომ ცვლილებები საჭიროა. მნიშვნელობა აქვს აღქმას, მნიშვნელობა აქვს ტენდენციებს და საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონში საუკეთესო აქტორის და საუკეთესო რეფორმატორის სახელი - რისთვისაც მას ყველა შესაძლებლობა და გამოცდილებაც კი აქვს.
ცუდი ამბავია, რომ არ შეგიძლიათ ამ საქმის გაკეთება ვინმეს გადააბაროთ. კარგი ამბავია, რომ არც გჭირდებათ, რადგან ეს გადაწყვეტილებები ძირითადად თქვენს ხელშია. როგორც 2004 წლის და შემდეგ გაფართოების კლასის წევრები ადასტურებენ, გზა ევროკავშირისკენ არ იყო სწორი გზა. ზოგ მომენტში ზოგი ჩამორჩებოდა; ზოგიერთს შესთავაზეს გაევლო განსხვავებული მარშრუტი, ვიდრე სრული წევრობა. თუმცა, წესების დაცვით, ე.წ. ევროკავშირის კოპენჰაგენის კრიტერიუმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის დაცვით, რეფორმების შეუქცევადობისა და საკუთარი დამსახურების გამო დაუძლეველი ქცევით, მათ მიაღწიეს წარმატებას.
ცუდი ამბავი ის არის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ენდოთ ვინმეს, რომ შეასრულებს ამ საქმეს თქვენთვის. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ, რადგან ეს გადაწყვეტილებები ძირითადად თქვენს ხელშია. როგორც 2004 წლის და შემდეგ ევროკავშირის გაფართოებაში მონაწილე ქვეყნები ადასტურებენ, გზა ევროკავშირისკენ არ იყო სწორხაზოვანი. დროდადრო ზოგი ჩამორჩებოდა; ზოგიერთმა სრული წევრობისგან განსხვავებული შემოთავაზება მიიღო. თუმცა, წესების დაცვით, ევროკავშირის ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესაბამისად, შეუქცევადი და ძლიერი რეფორმებისა და საკუთარი დამსახურების გამო მათ წარმატებას მიაღწიეს.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უკრაინის ომის შედეგები რეგიონისთვის და სხვა სამომავლო მოვლენები ევროპასა და მსოფლიოში, ასევე მოახდენს ზეგავლენას. მაგრამ როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს პროცესი თქვენი გაბედულებითა და ქმედებებით იწყება და მთავრდება.
და თქვენ გაქვთ რიგი რესურსებისა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოთ. ევროკავშირის ან ჩვენი წევრი ქვეყნების მიერ გაწეული დახმარების გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის, ისევე როგორც საქართველოში არსებული მრავალი უხვი რესურსების მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და სამეცნიერო წრეების საექსპერტო ცოდნა.
ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი დახმარება მიიღეს. ჩვენ გეხმარებით ეკონომიკის მოდერნიზებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ვაჭრობისა და კავშირების გაძლიერებაში, საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლებაში, ენერგოეფექტურობის გაზრდაში, გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევასა და თქვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში.
კოვიდ პანდემიის დროს ევროკავშირმა - მის წევრ ქვეყნებთან ერთად - მიიღო დაუყოვნებელი ზომები, რათა უზრუნველყო პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა თქვენი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების გადასარჩენისთვის ხელი შეეწყო, დახმარებოდა საზოგადოების დაუცველ ჯგუფებს და თავად პანდემიასთან გასამკლავებლად სახელმწიფოსთვის მხარი დაეჭირა.
საერთაშორისო ფორუმებზე ჩვენი ქმედებების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით, საქართველოს საზღვრისა და სანაპირო დაცვის და თქვენი შეიარაღებული ძალების მზარდი მხარდაჭერის პარალელურად, ასევე პირდაპირი წვლილი შეგვაქვს თქვენი ქვეყნის მდგრადობასა და უსაფრთხოებაში.
თუ გნებავთ, ეს ქმედებები საქართველოს მიმართ ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემის საზომად ჩავთვალოთ. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ როლის შესრულება. და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს კვირებში. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და მზად ვართ მეტი გავაკეთოთ ამ კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ღირსეული ადგილი ევროპასა და მსოფლიოში. ასე რომ, უბრალოდ დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!