საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

ბ-ნო პრემიერ-მინისტრო, ბ-ნო იუსტიციის მინისტრო, პატივცემულო მინისტრებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო,

დღევანდელი ღონისძიება შესანიშნავი შესაძლებლობაა, ნათელი მოვფინოთ საქართველოს წინსვლას და მიღწევებს მართლმსაჯულების სექტორში. მოხარული ვარ, რომ ვხედავ კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, ვინც ერთმანეთთან ცოდნის გასაზიარებლად შემოგვიერთდა.

გასული წლის ივნისიდან საქართველომ ამაყად დაიკავა თავისი ადგილი იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შემოიტანეს; მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ევროკავშირის კანონთა კრებულთან საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისობაში მოსაყვანად; საქართველოს ევროპული პერსპექტივა და, იმედია, კანდიდატის სტატუსი გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას, მათ შორის კანონის უზენაესობის სფეროში, რომელიც არის შესაბამისობის ძირითადი სფერო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ნებისმიერ ქვეყანაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თითქმის ოცი წელია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი მუშაობა 2004 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი ჯგუფის მისიით (EU JUST THEMIS Rule of Low Mission) დაიწყო. წლების განმავლობაში ევროკავშირმა დაახლოებით 60 მილიონი ევრო პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისა და 25 მილიონ ევროზე მეტი დამატებითი ტექნიკური დახმარებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით გამოყო. ამ მხარდაჭერის თითქმის ნახევარი საქართველოში დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების გაძლიერებას დაეთმო.

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მიმართულებით აჩვენა, მათ შორის უაღრესად წარმატებულია განრიდებისა და მედიაციის პროექტი, საქართველოს პრობაციის ეროვნული სამსახურის რეფორმის გაღრმავება, სოციალური სერვისებისა და სოციალური სამუშაოს ინტეგრაციის ხელშეწყობა როგორც პრობაციის, ისე პენიტენციურ სისტემაში. ეს დანაშაულის პრევენციისა და სასჯელის აღსრულებაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრაქტიკის ძირითადი ელემენტებია.

გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც ჩართულია აქამდე მიღწეულ წინსვლაში, ამ დონის შექმნაში, განვითარებასა და შენარჩუნებაში. ეს არის ყველა სოციალური მუშაკის, პრობაციის ოფიცრისა და პენიტენციური სისტემის მუშაკის კოლექტიური ერთგულება.

როდესაც ჩვენს მიღწევებს აღვნიშნავთ, მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ინვესტიციები ამ კრიტიკულ საქმეში და გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც სისტემა ჯერ კიდევ აწყდება.

მიუხედავად ყველა მცდელობისა საქართველოში პატიმრობის შემცირებისა და არასაპატიმრო ზომებისა და სანქციების კარგად ფუნქციონირების სისტემის ჩამოყალიბებისა, საქართველო სამწუხაროდ ევროპის ყველაზე მაღალი პატიმრობის ხუთეულში რჩება. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ეტაპობრივად დაძლიოს ეს გამოწვევები და მეტად განავითაროს პრობაციისა და პენიტენციური სისტემა შესაბამის ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების მთელი სისტემის მიმდინარე რეფორმის მიმართ ერთგული რჩება. ერთად შეგვიძლია უფრო სამართლიანი და ჰარმონიული საზოგადოება ავაშენოთ, ხელი შევუწყოთ შერიგებას და უფრო თანამგრძნობი და მედეგი თემები შევქმნათ.

მინდა მივულოცო მასპინძლებს, მათ ამ  კონფერენციის ორგანიზებისთვის დიდი ძალისხმევა გაწიეს და ამ სამი დღის განმავლობაში ყველას ნაყოფიერ და შემეცნებით დისკუსიებს გისურვებთ.