საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავ ღონისძიებაზე
ქ-ნო პრეზიდენტო,
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პოლიტიკურო ლიდერებო,
ბატონო მერო,
ბატონო ელჩებო,
ძვირფასო საზოგადოებავ,
გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა!
ევროკავშირის ოცდაშვიდმა ქვეყანამ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი.
დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.
საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ესაა - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.
ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.
ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არი?”
წინ, საქართველო, წინ!