საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა საქართველოში გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

ქ-ნო პრეზიდენტო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო სტუმრებო,

დიდი პატივია შემოგიერთდეთ თქვენ და სხვა მომხსენებლებს გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაზე. ჩვენი შეკრება ძალიან დროულია, რადგან ახლახან აღვნიშნეთ ადამიანის უფლებათა დღე და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღე.

დღეს ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ქალები პოლიტიკაში, ფემიციდი, ქალთა მიმართ ძალადობა და სოციალური უფლებები, რამაც გენდერული თანასწორობისკენ უნდა წაგვიყვანოს. თუმცა, გენდერული თანასწორობის მიღწევა ერთ ღამეში არ ხდება, ამას შრომა, დრო და საქმისადმი ერთგულება სჭირდება. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ჯერ კიდევ ამ გზაზე ვართ. მოგეხსენებათ ევროპარლამენტის პრეზიდენტი არის რობერტა მეცოლა. ის არ არის პირველი პრეზიდენტი ქალი, მაგრამ 1979 წლის შემდეგ ჯერ მხოლოდ მესამეა. რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენს, ის ფაქტიურად პირველი ქალია, რომელმაც ევროკომისიის (შეიქმნა 1958 წელს) პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ჩვენ არ შეგვიძლია გამარჯვების შესახებ განვაცხადოთ ან გამოვაცხადოთ, რომ გვაქვს გამზადებული გზამკვლევი, რომელსაც სხვები მიჰყვებიან. ჩვენ ამ საქმეში ერთად ვართ და ერთმანეთისგან ვსწავლობთ.

ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და ვულოცავ საქართველოს მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა მე-7 ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და  ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განსახორციელებლად 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებას. მართლაც სამაგალითოა, რომ ეს დოკუმენტები პროცესში ჩართულ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავდა.

და ახლა ჩვენს წინ ვხედავთ სამომავლო გზას, ეროვნული სამოქმედო გეგმების რეალობად ქცევისთვის ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ. ამ გზაზე ევროკავშირი ძლიერი და საიმედო პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს და ხელს უწყობს პოზიტიურ ცვლილებას, როდესაც საქმე გენდერულ თანასწორობას და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა და გენდერული ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთო ხედვაა. და მით უმეტეს ახლა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველომ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით და ამჟამად, ევროპული პერსპექტივით, გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვის ვალდებულება აიღო. მოდით მოვახდინოთ კონცენტრირება ამ მომენტზე და გამოვიყენოთ ეს იმპულსი გენდერული თანასწორობის მისაღწევად და მთელი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის.

როგორც ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენელი, განსაკუთრებით ვამაყობ და მიხარია, რომ ჩვენთან ერთად, ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყანა აქტიურად არის ჩართული გენდერული თანასწორობის აქტივობების მხარდაჭერაში ასევე საქართველოშიც. როგორც ვთქვი, ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ.

მოუთმენლად ველი კონფერენციას, რომელიც ვიმედოვნებ, ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად მაღალი დონის დიალოგის და ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა გახდება.

 მადლობას მოგახსენებთ!