საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა კონფერენციაზე "მედია და ინფორმაციული წიგნიერება და დეზინფორმაციის მიმართ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების სხვა გზები"

მადლობა ნინო და მადლობა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გუნდს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მრავალი წლის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

დავიწყებ იმით, რომ ეს მნიშვნელოვანი და დროული ღონისძიებაა.

ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ დეზინფორმაცია უსაფრთხოებას ემუქრება. ის თესავს განხეთქილებას ჩვენს საზოგადოებებში და ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიებს კანონის უზენაესობის, არჩეული ინსტიტუტების, დემოკრატიული ღირებულებების და მედიის მიმართ ნდობის შელახვით. ასე რომ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებით ჩვენს საზოგადოებებს ვიცავთ.

რაც შეეხება დამცველებს, ადგილობრივ ფაქტების შემმოწმებლებს, მკვლევრებს და მედია წიგნიერების სპეციალისტებს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ვკითხეთ, თუ როგორ ეხმარება მედიაწიგნიერება დეზინფორმაციაზე რეაგირებას.

ზოგიერთ მათგანს დღეს ამ ოთახში ვხედავ და ვფიქრობ, რომ მათი ნათქვამის გამეორება ღირს.

  • დეზინფორმაცია ძლიერი იარაღია, მაგრამ ქაოსურ საინფორმაციო ეკოსისტემაში გზის გაკვლევისთვის მედიაწიგნიერება გადარჩენის უნარია.
  • დეზინფორმაციის გამოვლენა მისი გავრცელების საწინააღმდეგო მკურნალობაა, მედიაწიგნიერება კი მის მიმართ გრძელვადიან იმუნიტეტს უზრუნველყოფს.
  • მედიაწიგნიერება გვეხმარება გამოვიკვლიოთ და გავაანალიზოთ შინაარსი და კონტექსტი და გავიგოთ, თუ როგორ ახდენს მედია გავლენას სამიზნე აუდიტორიაზე.

როდესაც ამას ადგილზე მომუშავე ექსპერტებისგან ვიგებ, ორი რამ ჩემთვის ნათელია.

პირველი - დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევა. ვირუსის მსგავსად, ის გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე და ცვლის ჩვენს შეხედულებას სამყაროზე. მეორე - მედიაწიგნიერება ეფექტიანი საშუალებაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მაგრამ შედეგის მიღებას დრო სჭირდება.

დღეს აქ ყველა შეკრებილმა კარგად ვიცით, რომ, რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთი უნივერსალური გამოსავალი სამყაროს განკურნებისთვის დამახინჯებული ფაქტებისა და ძირგამოთხრილი ნდობისგან. თუმცა, ერთობლივად, შეგვიძლია დეზინფორმაციის მიმართ ჩვენი იმუნიტეტი გავაძლიეროთ და ეფექტიანად ვებრძოლოთ.

მაშ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ პრობლემების სწრაფი და მარტივი გადაჭრის უზრუნველმყოფი საშუალების არარსებობის შემთხვევაში? ეს ის პრობლემებია, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, როგორც საზოგადოება, მცხოვრები პოსტ-ჭეშმარიტების სამყაროში, სადაც ფაქტები მიჩნეულია დაუსაბუთებლად,  ინფორმაცია იარაღი ხდება და ყალბ ამბებს, ნახევრად სიმართლეს და შეთქმულების თეორიებს შეუძლიათ ისეთივე ზიანის მიყენება, როგორც ტყვიას ან ბომბს?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი დაიწყო, ევროკავშირმა ქმედებები გააქტიურა, თავისი შესაძლებლობები გააფართოვა, გამოყო დამატებითი რესურსები და საშინაო თუ საგარეო მავნე ძალების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

თავის ვიდეომიმართვაში აღმოსავლეთის სამეზობლოს სტრატკომის სამუშაო ჯგუფის (East Stratcom Task Force) ხელმძღვანელი უფრო დეტალურად განიხილავს, თუ როგორ ებრძვის ევროკავშირი დეზინფორმაციას, უცხოურ ჩარევას და საინფორმაციო მანიპულაციებს ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ.

მაგალითად, აღმოსავლეთის სამეზობლოს სტრატკომის პლატფორმამ „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ (EuvsDisinformation) ამ კვირაში გამოუშვა ახალი სასწავლო გვერდი (Learn page) სადაც შეკრებილია სასარგებლო ინსტრუმენტები და რესურსები, რომელიც მისი შექმნის დღიდან (2015 წელს) მიღებულ კოლექტიურ გამოცდილებას ეფუძნება.

ამ თვის დასაწყისში ევროკომისიამ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო განათლების დაწყებითი და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისა და განათლების სფეროში ჩართული პირებისთვის, რათა ასწავლონ ახალგაზრდებს, თუ როგორ ამოიცნონ დეზინფორმაცია და გაიკვლიონ უსაფრთხოდ გზა ციფრულ სამყაროში. უახლოეს თვეებში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნას და მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ისინი.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში დეზინფორმაციასთან ბრძოლა გამჭოლი საკითხია ჩვენი პროექტებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მასშტაბით რეგიონული საქმიანობისთვის. მხარი დავუჭირეთ მთელ რიგ ძალისხმევას, დაწყებული მიზნობრივი ტრენინგებით გამავრცელებლებისთვის მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ, ძირითადი აქტორების შესაძლებლობების ამაღლებამდე; კარდაკარ ჩატარებული ფაქტების შემოწმების კამპანია Covid-19 ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის - ეს ჩვენი საქმიანობის მხოლოდ რამდენიმე ასპექტია.

სულ ახლახან, „ისტორიის მცველების“ წოდება 6 ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტს, აქტივისტსა და აკადემიის წარმომადგენელს მიენიჭა სოლიდარობის ქსელის შექმნასა და რუსული დეზინფორმაციის გაქარწყლებაში შეტანილი წვლილისთვის.

ვაპირებთ ამ სფეროში ჩვენი ჩართულობა გავაგრძელოთ. ძალიან მალე, ევროკავშირის წარმომადგენლობა დაიწყებს ახალ პროექტს მედიის განვითარებისა და მოსახლეობის მედიაწიგნიერების საკითხებზე.

ამავდროულად, აქ და ამჟამად დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, ასევე უნდა ვიპოვოთ მოკლე და საშუალოვადიანი გადაწყვეტილებები, რათა საქმე სწორი მიმართულებით წარიმართოს.

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ყოველდღიურად წარმოებული ომის წინა ხაზზე არიან თქვენნაირი ადამიანები - ფაქტების გადამმოწმებლები და სოციალური მედიის მონიტორები, მკვლევრები, გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, მედიასაშუალებებში, პროფესიულ ასოციაციაში, ანალიტიკურ ცენტრებში და ა.შ.

თქვენი დაუღალავი შრომა ნამდვილად დასაფასებელია და თქვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს დიდ სამსახურს უწევთ.

თქვენ მიერ შექმნილი მდიდარი ცოდნა და თქვენი მრავალფეროვანი გამოცდილება სრულად უნდა გამოიყენოს ყველა შესაბამისმა დაინტერესებულმა მხარემ, რათა ვუზრუნველყოთ, რომ საქართველოს მიდგომა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში იყოს პროაქტიული, ყოვლისმომცველი და მრავალსექტორული.

ვხედავ ზოგიერთ თქვენგანს ხელში უკავია პიტერ პომერანცევის პროპაგანდის შესახებ წიგნის ქართული თარგმანი. გამახსენდა, რაც მან თქვა თბილისში ISFED-ის მიერ ორგანიზებულ წიგნის პრეზენტაციაზე - „საერთო ენის გამონახვის იმედით ხმა იმ ადამიანებს უნდა მივაწვდინოთ, ვისაც დეზინფორმაციის აქტორები ესაუბრებიან და რომელთა რწმენა შეიძლება ჩვენისგან განსხვავდებოდეს“.

ასე დაემთხვა, რომ, იუნესკოს წლევანდელი მედიისა და ინფორმაციის გლობალური კვირეულის თემაა „ნდობის აღზრდა: მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების აუცილებლობა“.

ნდობის გასამყარებლად, მნიშვნელოვანია, რომ გავცდეთ საზღვრებს და ვესაუბროთ ადამიანებს ჩვენი ახლო წრეების მიღმა. რადგან რაც არ უნდა კარგად მოვემზადოთ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ჯაჭვი ძლიერია იმდენად, რამდენადაც მისი ყველაზე სუსტი რგოლი.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს. მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა დაინტერესებულ პირთან, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს გახდეს უფრო მედეგი და მეტად დაცული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროპულ გზაზე წინსვლისას.

ამასთან, ნება მიბოძეთ ახლა გადავცე ეს სერტიფიკატები ISFED-ის მედიაწიგნიერების ტრენერებს და მადლობა გადავუხადო მათ გაწეული სამუშაოსთვის.

გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიას და ველი შედეგების გაცნობას.

დიდი მადლობა!