საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე „ორი წლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან“
 
ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო,
უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რონდელის ფონდს, უკრაინის საელჩოს და ფრიდრიხ ებერტის ფონდს ჩემი მოწვევისთვის ამ ღონისძიებაზე გამოსასვლელად.
მინდა დავიწყო ხმამაღალი და ცხადი განცხადებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი წევრი ქვეყნები ერთიანნი არიან უკრაინის ურყევ მხარდაჭერაში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე.
ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინას ან რუსეთს. ეს არის გამოცდა საერთაშორისო წესებისთვის, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისთვის.
ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ არის დაპირება, ეს რეალობაა. დღეისათვის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების საერთო დახმარება თითქმის 90 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 28 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარებაა.
ამ თვის დასაწყისში, 1 თებერვალს, ყველა ევროპელი ლიდერი ერთხმად შეთანხმდა უკრაინის დასახმარებლად ახალი ინსტრუმენტის შექმნაზე, რომელიც 50 მილიარდ ევრომდე მოიცავს, 2024-2027 წლებში ქვეყნის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის უზრუნველყოფის მიზნით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უახლოეს წლებში უკრაინის სახელმწიფომ გამოწვევებს თავი გაართვას.
თუმცა, სამხედრო ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა და ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ. უკრაინას უნდა მივცეთ „რაც სჭირდება“ მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად; ეს მოიცავს: უპირატესობას საბრძოლო მასალებში, შორი დისტანციის მეტ რაკეტებს, საჰაერო უპირატესობას, მეტ დრონებსა და მეტ სამხედრო მომზადებას.
ევროკავშირში წარმოების სიმძლავრები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 40%-ითაც კი გაიზარდა.
ძალიან წარმატებული იყო ჩვენი სამხედრო საწვრთნელი მისია, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია (EUMAM). ახლახან მივაღწიეთ ჩვენ მიზანს და 40 000 სამხედრო მოვამზადეთ. ამიერიდან ზაფხულამდე დამატებით 20 000-ს მოვამზადებთ.
ევროკავშირს ასევე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უზრუნველყოს, რომ ომის დანაშაულები, მათ შორის უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაული, დაუსჯელი არ დარჩეს.
სხვა ბრძოლა, რომელსაც ვეწევით, ნარატივების ბრძოლაა. ბრძოლა ტვინებისთვის.
დანარჩენ მსოფლიოში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის აღქმა გადამწყვეტი იქნება პუტინის იზოლაციისა და ჩვენი სანქციების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
გარდა ზემოთ აღინიშნულისა, – რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ვაიძულოთ რუსეთი უკრაინიდან გავიდეს და ეს ომი გაყინულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს:
მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“, რომელსაც ზოგჯერ ზელენსკის შემოთავაზებულ 10 პუნქტს უწოდებენ. ეს ფორმულა არის მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული ერთადერთი სერიოზული სამშვიდობო წინადადება და ჩვენ მოვუწოდებთ მშვიდობის ერთგულ ყველა ქვეყანას, მის განხორციელებაში შემოგვიერთდნენ.
შემაკავებელი ზომები. ამ დრომდე ევროკავშირმა სანქციების 13 პაკეტი მიიღო, მათ შორის ინდივიდუალური ზომები რუსეთის 1950-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ; ასევე სექტორული ზომები, მათ შორის ექსპორტის კონტროლი და შეზღუდვები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ფინანსებისა და სხვა სექტორებში. ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნები, შემოგვიერთდებიან.
უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაში და რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების შეზღუდვაში წვლილის შეტანა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ომობს, მან შეძლო შეესრულებინა ოთხი ნაბიჯი უკრაინის წევრობის განაცხადის შესახებ 2022 წლის მოსაზრებაში განსაზღვრული შვიდი ნაბიჯიდან: საკონსტიტუციო მართლმსაჯულების რეფორმა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა; ანტიკორუფციული პროგრამა; წინსვლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში; მნიშვნელოვანი ზომების გატარება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქების კონტროლის შესამცირებლად; ახალი კანონი მედიის შესახებ; წინსვლა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. დარჩენილი რეფორმები უკვე ხორციელდება და კომისია ამ ძალისხმევას დადებითად აფასებს.
ნება მიბოძეთ, გავიმეორო, რაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს თქვა: კიევის რევოლუცია ღირსების რევოლუციაა. ეს ასევე არის ევროპის ბრძოლა ღირსებისთვის - ჩვენ უნდა დავიცვათ ღირებულებები, რომლებსაც ევროპა ეფუძნება.
ომი რომ მალე დასრულდეს, ჩვენი მხარდაჭერა უფრო ძლიერი უნდა იყოს. უნდა შევცვალოთ მიდგომა „იქამდე გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება“ მიდგომით „ნებისმიერ ფასად“.
ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) მიერ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან პარტნიორობით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მხარდაჭერით.
 
EUDEL to GEO
