საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩის, ბ-ნი პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე – 21/09/22

რა ეტაპზეა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები

                 

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

მადლობას მოგახსენებთ, ქალბატონო თავმჯდომარევ,

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს მივმართავ. ეს შეხვედრა მოჰყვება ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა გასული წლის ივნისში აღიარა. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ორი კვირის წინ ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომაზე განაცხადა: „ამჟამად საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას“.

რა თქმა უნდა, ამ გზაზე ამ პარლამენტში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, მათ შორის 12 პრიორიტეტზე, რომელიც ივნისში ევროკომისიამ განსაზღვრა და ევროპულმა საბჭომ დაადასტურა. ასე რომ, ძალიან მართებულია, რომ  როგორც ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში ჩემი პირველი განცხადებით პარლამენტში გამოვდივარ, საქართველოსა და ასევე ევროპული პარლამენტის წევრების თანდასწრებით.

ნება მიბოძეთ დაუყოვნებლივ შეგახსენოთ, რომ ეს შეხვედრა ტარდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის კონტექსტში, რომელიც საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და უაღრესად უარყოფითი ზეგავლენა აქვს მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19 პანდემიისგან აღდგენის დროს, ენერგომატარებლების ფასებზე, სასურსათო უსაფრთხოებაზე და თქვენს დღის წესრიგში არსებულ ბევრ საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ.

და მართლაც, ასე ვმოქმედებთ. მეგობრები და პარტნიორები ვართ. ევროკავშირი საქართველოს გვერდში მტკიცედ უდგას და სრულად უჭერს მხარს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა მშვიდობა საქართველოში და რეგიონში. ჩვენი ვალდებულება ძალიან კონკრეტულია, იგი ასევე ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის [ტოივო კლაარის] და ჩვენი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის [მარეკ შჩიგელის ხელმძღვანელობით] მუშაობას მოიცავს.

ჩვენი მჭიდრო ურთიერთობები ასევე გამოიხატება ძალიან ხელშესახები მხარდაჭერით მრავალი სექტორისთვის - მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ჯანდაცვის სექტორისთვის, პროექტების მიმართ, რომლებიც მიმართულია ციფრული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო კავშირების გაზრდისკენ და მრავალი სხვა. ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე და საქართველოში საფლაგმანო პროგრამების განხორციელებაზე ვმუშაობთ. მაგრამ, როგორც კომისარმა ვარჰეიმ შეგვახსენა: „ამ პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად აუცილებელია ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი სამართლებრივი უზრუნველყოფით“.

ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებში უახლესი მოვლენების თვალსაზრისით, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებაზე მიმართულ ევროკავშირის ვალდებულებას ნათლად ადასტურებს. ამას საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მოელის - და მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის მაღალი დონე დიდად გვამხნევებს.

გზა ნათელია: გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის მიმართებაში. დიახ, ეს საკანონმდებლო ნაბიჯებს მოითხოვს - პარლამენტში ზოგიერთი უკვე გადაიდგა. მაგრამ 12 პრიორიტეტის შესრულება მხოლოდ კანონების მიღებას არ ეხება. თანასწორად, თუ არა უფრო მნიშვნელოვანია: (1) პროცესი (როგორ არის კანონმდებლობა შედგენილი / რამდენად ინკლუზიურია), (2) კანონმდებლობის შინაარსი და (3) მისი განხორციელება.

პირველ რიგში, პროცესის თვალსაზრისით, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა - როგორც მმართველმა, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა იმ საქმიანობაში, რაც საქართველოსთვის სტრატეგიულია. ყველამ ვიცით საქართველოში არსებული ღრმა პოლარიზაციიდან მომდინარე გამოწვევები - და ამის მოგვარება #1 პრიორიტეტია. ამ პარლამენტში ჩართულობისთვის სივრცის პოვნა დემოკრატიული პროცესისა და რეფორმების თვალსაზრისით აუცილებელია. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს ჩართულობა არსებითი იყოს, ასევე მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, ჭეშმარიტად მოიცვას როგორც ოპოზიცი, ისე სამოქალაქო საზოგადოებ, ღია იყოს მათი იდეებისთვის და, საბოლოოდ, ჩართოს ზოგიერთი მათგანი საკანონმდებლო პროცესში. ამისთვის საპარლამენტო კომიტეტების მომავალ სხდომებზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არსებობს. დღეს ამ კომიტეტის ფარგლებში, რომელიც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს აერთიანებს, ევროპარლამენტარებთან ერთად, გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, შევისწავლოთ პარტიებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და საუკეთესო პრაქტიკა, ევროპული გზა!

მეორე, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მთავარია 12 პრიორიტეტიდან გამომდინარე ამოცანების რეალურად გადაწყვეტა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამ მხრივ, უკვე ბევრ დეტალს შეიცავს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც მიღებულ იქნა რამდენიმე კვირის წინ - ის მოიცავს ურთიერთშეთანხმებულ რეფორმებს ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროში, მათ შორის საარჩევნ და სასამართლო სისტემებთან დაკავშირებით - რაც #2 და #3 პრიორიტეტებია. ასევე, პარტნიორი ორგანიზაციები, როგორიცაა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, მზად არიან შემდგომი მხარდაჭერისთვის რეფორმების დეტალებთან დაკავშირებით თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს ორგანიზაციები, ევროკავშირის აზრით, სანდო და კომპეტენტურია და მათი რეკომენდაციები შეიძლება იყოს განსაკუთრებით სასარგებლო კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება გახდეს სერიოზული პოლიტიკური დებატების საგანი – მაგალითად, „დეოლიგარქიზაციასთან“ დაკავშირებით (პრიორიტეტი #5).

და ბოლოს, რაც შეეხება განხორციელებას - ეს არის ის პუნქტი, რომელზეც ევროკავშირი რეგულარულად ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებით ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში. კანონპროექტის მიღება მხოლოდ დასაწყისია. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ორი კვირის წინ განაცხადა, „ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი“ და „მხოლოდ თვალსაჩინო და ხელშესახებ წინსვლას რეფორმებთან მიმართებაში შეუძლია ამ პროცესის წინ წაწევა“. ასე რომ, მიღებული რეფორმების სრული განხორციელება ნამდვილად არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ნაწილი.

საქართველომ ძალიან ამბიციური და რთული დღის წესრიგის შესრულების ვალდებულება აიღო. ეს უნდა იყოს საქართველოს ინიციატივა: ეს საქმე თქვენია და პროცესი მთლიანად თქვენს ხელშია. თქვენ არ ხართ მარტო - ევროკავშირი კვლავ მზად არის დახმარებისთვის. შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ, მათ შორის ჩემი და ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდის, რომ დაუღალავად ვიშრომებთ საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების სასარგებლოდ და, რაც მთავარია, საქართველოს ყველა მოქალაქის მომავლის სასიკეთოდ.

გისურვებთ წარმატებულ დღეს ასოცირების ამ საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში და მოუთმენლად ველი მომავალ თანამშრომლობას  საქართველოში ჩემი მუშაობის განმავლობაში.

მადლობა ქალბატონო თავმჯდომარევ.