COVID-19-ის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ორენოვან საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს

ახალქალაქის არაქართულენოვანი მოსახლეობის COVID-19-ის პანდემიაზე ინფორმირება და საგანგებო მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის ზომების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საინფორმაციო კამპანიის მთავარ მიზანს. კამპანიის ფარგლებში, LAG-ის Facebook გვერდით COVID-19-ის პრევენციის შესახებ LAG-წევრების 10-ზე მეტი ორენოვანი ვიდეო მიმართვა გავრცელდა. ამასთან, ფართოდ გავრცელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემცველი 15-მდე ორენოვანი პოსტერი. ყურადღება გამახვილდა საკარანტინო წესების დაცვაზე, თვითიზოლაციაში მყოფთათვის გაცემულ რეკომენდაციებზე, სახლში შესვლისა და სახლიდან გამოსვლის პროტოკოლებსა და ძირითადი საკონტაქტო ცენტრების შესახებ. ასევე, LAG-ის სასწავლო ცენტრმა სტუდენტებს ვიდეო მიმართვებით გაუზიარა სასარგებლო საგანმანათლებლო და გასართობი რჩევები იზოლაციაში ყოფნის პერიოდში თავშესაქცევად.
“ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი! არ დამალოთ მოგზაურობის ისტორია, ან ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის შემთხვევები! დარჩით სახლში! ამით საკუთარ თავს და გარშემომყოფთ დაიცავთ დაინფიცირებისგან.” - განაცხადა LAG-ის წევრმა, ტერეზა ჩივჩიანიანმა საკუთარ ვიდეო მიმართვაში.
“დღეს მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს - კორონავირუსის პანდემიას. ამ დროს, აუცილებელია, ყველა მოქალაქემ გავიაზროთ საკუთარი პასუხისმგებლობა და მივყვეთ ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების და ხელისუფლების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს. დავრჩეთ სახლში, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და შევუმსუბუქოთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფთ ეს რთული დღეები. ჩამოტვირთეთ წიგნები და გადაიკითხეთ თქვენთვის საყვარელი ავტორები. ამით თქვენ შეიცნობთ და ეზიარებით იმ საოცარ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც ყველანი ერთად მალე დავუბრუნდებით!” - აღნიშნა LAG-ის წევრმა დალი აღდგომელაძემ მის მიმართვაში.
საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონშე მდებარე ახალქალაქი სომხური თემით მჭიდროდაა დასახლებული. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულ ენას სუსტად ფლობს. შესაბამისად, მათი წვდომა პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე დიდწილად შეზღუდულია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, LAG-ის ონლაინ საინფორმაციო კამპანიის სომხურ ენაზე წარმართვა მოსახლეობის დროული ინფორმირებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge საკონტაქტო პირები:
- თამარ ხუნწარია, ეკონომიკური განვითარების უფროსი ექსპერტი, პროექტი EU4Georgia +995 595 98 99 16, tamar@commwithus.eu
- ქეთევან რუხაძე, რეგიონალური განვითარების კოორდინატორი, GIPA, +995 591 19 43 08, k.rukhadze@gipa.ge