EBRD, ევროკავშირი, საქართველოს ბანკი განაგრძობენ ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას
- EBRD 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს საქართველოს ბანკს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ქვესესხების გასაცემად
- ევროკავშირი დამატებით გასცემს გრანტებს მოდერნიზაციასთან დაკავშირებული ინვესტიციებისათვის
- უფრო მწვანე, მეტად კონკურენტუნარიანი და ექსპორტისთვის მზა ბიზნესების ხელშეწყობა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი (EU) და საქართველოს ბანკი აგრძელებენ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის (MSMEs) საწარმოების მხარდაჭერას.
EBRD-ის მიერ წამყვანი ქართული ბანკისათვის გაცემული ახალი, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები და განახორციელონ ინვესტიცია ახალ დანადგარებში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებში. სასესხო ხელშეკრულებას EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, მოაწერა ხელი.
დაფინანსება გამოიყოფა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამის ფარგლებში, მსესხებლებს საშუალებას აძლევს გააფართოონ წარმოება ადგილობრივად და უფრო წარმატებულად ივაჭრონ საერთაშორისო ბაზარზე, ასევე, გააუმჯობესონ გარემოს დაცვის პრაქტიკა, ვინაიდან სესხის სულ მცირე 70 პროცენტი დააფინანსებს ინვესტიციებს EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომის შესაბამისად.
MSME-ებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში, ასევე, ისარგებლონ წამახალისებელი გრანტით და საერთაშორისო მრჩევლების უფასო ტექნიკური დახმარებით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
ეს დაეხმარება ქართულ კომპანიებს გააუმჯობესონ პროდუქტიულობა, კონკურენტუნარიანობა და სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის.
საქართველოს ბანკი იყო პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც ჩაერთო EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამაში. 2016 წლიდან ბანკმა დააფინანსა 100-ზე მეტი პროექტი ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში: წარმოება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, სამედიცინო მომსახურება, სასტუმრო ბიზნესი.
საქართველოს ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი და სისტემური ბანკია საქართველოში. ძლიერი და სტაბილური ბრუნვით, საქართველოს ბანკი თითქმის 30 წელია აფინანსებს ადგილობრივ ბიზნესს.
2009 წლიდან ევროკავშირი მხარს უჭერს კომპანიებს საქართველოში EU4Business პროგრამის მეშვეობით. თითქმის 50 სხვადასხვა პროექტით, რომელთა საერთო ბიუჯეტი 320 მილიონ ევროზე მეტია, ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის არის კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოური მხარდამჭერი საქართველოში. განხორციელებულ სამუშაოს სათანადო შედეგიც აქვს - მხოლოდ 2021 წელს, საქართველოში, 34000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა, რის შედეგადაც დაახლოებით 15000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და დაახლოებით 120 მილიონი ევრო დამატებითი შემოსავალი გამომუშავდა.
EBRD-მა საქართველოში დღემდე 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის ძირითადი საინვესტიციო სფეროები მოიცავს ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs).