ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვით გამოსვლა ევროპის დღეზე კახეთში
ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით!
დიდი ბოდიში, ჩემი „დამტვრეული ქართულისთვის”, თუმცა, მაინც მინდა, პატივისცემის ნიშნად, თქვენს მშვენიერ ენაზე მოგმართოთ.
მიხარია, რომ წელს, პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში. აქ ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და ტრადიციები. ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ევროპას სძენს.
თქვენ იცით, რომ ევროკავშირი არც ახალი, და მით უფრო, არც უცხო ამბავი არ არის. გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, უკვე თითქმის 80 წელია, ვრჩებით მშვიდობის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუნძულად.
ის რაც გვაქვს, დიდი შრომით, მონდომებითა და საერთო პრინციპებისადმი ერთგულებით შევქმენით. ამიტომაც არის ჩვენთვის ასეთი ძვირფასი. ამიტომაც გვინდა, ეს სიკეთე გავუზიაროთ მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს საერთო წესებს.
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერ ერთობას ქმნის. ისევე როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში, ქართული ხმა, მკაფიოდ ისმოდეს.
ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტი-ევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა, ვერ შეცვლის. წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო, დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.
თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე.
და რადგან დღეს კახეთში ვართ, ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა სადღეგრძელოთი დავასრულო:
„წუთისოფელი ეგრეა,
დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევია
სიყვარულს უშენებია.“[i]
გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯობს ევროპას!
წინ საქართველო, წინ!
[i] სტროფი ქართული „მრავალჟამიერის“ კახური ვერსიიდან