ევროკავშირი და CENN კლიმატის ცვლილების მოქმედებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კონკურსში გამარჯვებული პოსტერების გამოფენასა და დაჯილდოებას მასპინძლობს
22 ოქტომბერი, 2021 წელი. თბილისი.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში CENN-მა, გრაფიკოს დიზაინერების კონკურსში „იმოქმედე კლიმატისთვის“ გამარჯვებული პოსტერების გამოფენასა და დაჯილდოებას უმასპინძლა და კლიმატის ცვლილების მოქმედებათა საერთაშორისო დღე აღნიშნა.
პოსტერების კონკურსი - იმოქმედე კლიმატისთვის 7 სექტემბერს გამოცხადდა, მასში 80-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 130-ზე მეტი პოსტერი წარმოადგინა. კონკურსის მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების გააქტიურება იყო.
მონაწილეებმა შექმნეს ისეთი პოსტერები, რომლებიც აჩვენებს, კლიმატის ცვლილების პროცესებს, გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს; წარმოაჩენს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო კლიმატის ცვლილების მოქმედებათა საერთაშორისო დღის აღნიშვნა და საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახლაგაზრდებში, ცოდნის ამაღლება კლიმატის ცვლილებაზე და მისი ნეგატიური შედეგების შერბილების მარტივ გზებზე, ყოველდღიურ ქმედებებზე, რომლებიც დაგვეხმარება შევამციროთ კლიმატის ცვლილება.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო მოწვეული სტუმრების მისალმებასა და პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამა და კონკურსის - იმოქმედე კლიმატისთვის მიზნებისა და საქმიანობების წარდგენას, ხოლო მეორე ნაწილი გამარჯვებულების დაჯილდოვებას, პოსტერების გამოფენასა და პოსტერების ავტორებთან გასაუბრებას.
„კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოს დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. თითოეული ჩვენგანის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცირე აქტივობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კლიმატის თემაზე მიმდინარე მაღალი დონის მრავალმხრივი მოლაპარაკებები. მხოლოდ ჩვენი ძალისხმევის შერწყმისა და საზოგადოების ყველა ნაწილის ჩართვით, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ამ საერთო გლობალურ ბრძოლაში. დღეს, ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვარ და ვხედავ ბევრ გასაოცარ ნამუშევარს, რომელიც შექმნილია ძალიან შთაგონებული ახალგაზრდების მიერ. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივებსა და კონკურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასა და ამ გლობალურ ბრძოლაში გამარჯვებაში. ეს ყველაფერი მნიშნველოვანია იმიტომ, რომ ჩვენი პლანეტა საცხოვრებლად უკეთესი ადგილი გახდეს ყველასთვის.“ - ალექსანდრე დარასი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ატაშე/კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„კლიმატის ცვლილება რეალურია და მის მიერ გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტებს ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენს გარშემო. კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში სახელმწიფოს უდიდესი როლი აქვს, თუმცა საზოგადოების ჩართულობის გარეშე საერთო მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა, მნიშნველოვან როლს თამაშობს საზოგადოების გააქტიურებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში. აღნიშნული კონკურის "იმოქმედე კლიმატისთვის" არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდების ჩართულობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გავეცნოთ ახალგაზრდების თვალით დანახული კლიმატის ცვლილების პროცესებსა და გადაჭრის გზებს. ვულოცავ კონკურსში გამარჯვებული პოსტერების ავტორებს. გვჯერა, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლის შექმნაში”- მაია ჯავახიშვილი, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ღონისძიებაში 40-მდე მოწვეულმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა და კონკურსანტებთან ერთად აღნიშნა კლიმატის ცვლილების მოქმედებათა საერთაშორისო დღე.
ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ.
მედია კონტაქტი:
მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი, marie.kikvadze@cenn.org, 995 577 95 90 20.