ევროკავშირს და საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც უფრო მჭიდრო პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად, 2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ხსნის ევროკავშირის ბაზარს ქართული ბიზნესებისა და პროდუქტებისთვის. ადამიანთა შორის უფრო მჭიდრო კონტაქტებისა და მობილობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან მოქმედებს. თუმცა, დემოკრატიის უკუსვლის გამო, ევროპულმა საბჭომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილის შეჩერება გადაწყვიტა.

2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, იმავე წლის ივნისში აღიარებულ იქნა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი, რომელიც ძირითადად დაკავშირებული იყო რეფორმებთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში. თუმცა, ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერდა“ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით უკუსვლის გამო, რაც არ ასახავს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას ევროკავშირის გზაზე სვლასთან მიმართებაში. 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა და მოუწოდა საქართველოს გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირთან მიმართვას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. 2024 წლის 19 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი უცხოური დონორია და ყოველწლიურად საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად გრანტების სახით დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის თანხას გამოყოფს. თუმცა, დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 120 მილიონ ევროზე მეტი დახმარება. ამან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე არ იმოქმედა.

პოლიტიკური ურთიერთობები

ხელმძღვანელობს რა საერთო ღირებულებებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობას და სტაბილურობას საქართველოში, ისევე როგორც სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მიმართულ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროგრამებს.

2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას (AA), რომელიც ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. ეს შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად, საფუძველს უყრის საქართველოს ევროკავშირთან შორს მიმავალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ერთობლივ მიზნებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) ინსტიტუციური ჩარჩო აყალიბებს ორგანოებს, როგორიცაა ასოცირების საბჭო მისი დანერგვის საზედამხედველოდ, ასოციაციის დღის წესრიგი კი მისი განხორციელებისთვის საჭირო პრიორიტეტებს განსაზღვრავს. 2022 წლამდე ევროკავშირი აქვეყნებდა ყოველწლიურ ანგარიშებს AA/DCFTA-ს განხორციელების შესახებ რათა აესახა საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) შედეგს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც გაფართოებული  ევროკავშირისა და მისი მეზობლების კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. 2009 წელს დაიწყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა (EaP), რომელიც საქართველო მოიცავს, აფართოებს თანამშრომლობას და ასევე რეგიონის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ისევე როგორც მხარდამჭერი რეფორმები, EaP მუშაობს მოქალაქეთა უფრო მეტი მობილურობისა და ძლიერი ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით რიგ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგოსექტორი და გარემოს დაცვა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც შესრულდება ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით. მას შემდეგ ევროკომისია აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც აფასებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

2023 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შესახებ ანგარიშსა და 2023 წლის კომუნიკაციაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასწია ევროპულ საბჭოსთან, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული 9 ნაბიჯი უნდა გადაედგა. ამის საფუძველზე 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერდა“ კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში მოცემულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლის გამო, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა და მოუწოდა საქართველოს გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა მეორე გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ (ამონარიდი საქართველოს შესახებ) და გამოაქვეყნა 2024 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით (ამონარიდი საქართველოს შესახებ). ამასთან დაკავშირებით, კომისიამ აღნიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების საკმარისი პოლიტიკური ნება არ მოჰყოლია. კერძოდ, ანგარიშმა აჩვენა, რომ საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით. 

2024 წლის 19 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ წუხილი გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხებოდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას. თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის  განხილვას ვერ შეძლებს.

ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და თავდაცვა

ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება თავისი პოლიტიკისა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად, ისევე როგორც კვლავ ჩართულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ოკუპირებული რეგიონების საკითხებში, გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარების პროცესის მხარდასაჭერად.

2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მახლობლად მუშაობს. 2023 წლის 1 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მუშაობის 15 წლისთავი აღნიშნა.

ევროკავშირი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში მეტად დაახლოების მიზნით, მაგრამ  ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ასევე ამ სფეროზეც იმოქმედა. 2017 წლიდან იმართება ყოველწლიური მაღალი დონის დიალოგი პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოსაზრებათა რეგულარული გაცვლის  შესავსებად. ამ დიალოგის ფარგლებშიბოლო შეხვედრა 2024 წლის იანვარში გაიმართა. 2014 წლიდან საქართველო აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ოპერაციებსა და მისიებში, მაგრამ მან ეს 2023 წლის ივნისში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილეობით დაასრულა და სხვა მონაწილეობა აღარ მიუღია. საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მხარდასაჭერად, 2021-2023 წლებში ევროკავშირმა ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით თითქმის 63 მილიონი ევრო გამოყო. ეს მხარდაჭერა არალეტალურ აღჭურვილობას, მარაგებსა და მომსახურებაა უზრუნველყოფდა. 2024 წელს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლის შედეგად 2024 წლის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის მიღება შეჩერებულია.

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მყარი ეკონომიკური ზრდა განიცადა, რომელიც ნაწილობრივ შესაძლო გახდა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საშუალებით, რაც მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურების განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას უცხოური ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ბიზნეს გარემოს გამარტივებას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შექმნის ჩათვლით. ასოცირების შესახებ შეთანხმება  ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა; მას აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციური ამოცანა. ამიტომაც ეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული. DCFTA აუქმებს საქონელზე საბაჟო გადასახადების უმრავლესობას და შესაბამისად ამცირებს ტარიფებს, რომელიც ევროპულ ფირმებს საქართველოში ექსპორტის დროს ხვდება. ის ასევე ზრდის საბაჟო პროცედურების ეფექტიანობას და მეტად უწყობს ხელს ვაჭრობას საქართველოს კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების, მათ შორის სტანდარტების, ევროკავშირის კანონმდებლებთან ეტაპობრივი დაახლოების საშუალებით. DCFTA მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, საერთო საბაჟო წესები, სურსათის ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და კონკურენციის წესები. როგორც ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძი DCFTA აღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება.

დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

ახალი სავაჭრო პორტალი და დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

2020 წლის ოქტომბრიდან ევროკომისიამ აამოქმედა ახალი Access2Markets ონლაინ პორტალი ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განსათავსებლად (მაგალითად, როგორ ხდება საქონლის ექსპორტი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე 120 – ზე მეტ ქვეყანაში, საქონლის იმპორტი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ვაჭრობა ევროკავშირში, 70-ზე მეტ ქვეყანასთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების უპირატესობა; სპეციფიკური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, როგორიცაა ტარიფები, ეროვნული გადასახადები, საქონლის წარმოშობის დადგენის წესები, საბაჟო პროცედურები, იმპორტთან დაკავშირებული ფორმალობები და მოთხოვნები პროდუქტთან დაკავშირებით, სავაჭრო ბარიერები და სავაჭრო ნაკადები).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრის შესაძლებლობები  გამოავლინოს. ეს პლატფორმა დაეხმარება კომპანიებს იპოვონ ახალი შესაძლებლობები, პოტენციური პარტნიორები და შეამოწმონ, თუ რა მოთხოვნები და პროცედურები არსებობს.

ის ავსებს ბაზრებზე წვდომის მონაცემთა ბაზას, რომელიც ევროპულ კომპანიებს საშუალებას აძლევს სავაჭრო შეთანხმებებიდან სარგებელი სრულად მიიღონ რთული სავაჭრო წესების პრაქტიკულ, ადაპტირებულ ინფორმაციამდე დაყვანის გზით.

დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2024 წელს, ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 5020 მილიონი ევრო შეადგინა. ევროკავშირის იმპორტი საქართველოდან 10%-ით შემცირდა და 681 მილიონი ევრო შეადგინა. ევროკავშირის ექსპორტი საქართველოში 20%-ით გაიზარდა და 4,339 მილიონ ევროს მიაღწია.

საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის პირველ სამეულში შედის: მინერალური პროდუქცია (207 მილიონი ევრო), ქსოვილები და ტექსტილის ნაწარმი (93 მილიონი ევრო) და საკვები პროდუქტები, სასმელები, თამბაქო (84 მილიონი ევრო). ევროკავშირიდან საქართველოში ექსპორტირებული საქონლის პირველ სამეულში შედის: სატრანსპორტო აღჭურვილობა (1 026 მილიონი ევრო), ქიმიური ან მომიჯნავე მრეწველობის პროდუქცია  (671 მილიონი ევრო) მექანიზმები და  დანადგარები (628 მილიონი ევრო).

მობილობა და ადამიანებს შორის კავშირები

უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. თუმცა, დემოკრატიის უკუსვლისა და რიგი არადემოკრატიული კანონების მიღების გამო, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა შეეჩერებინა ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილი საქართველოს დიპლომატებსა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელი ოფიციალური პირებისთვის. ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც სავიზო მოთხოვნები აღადგინა, საქართველოს დიპლომატებს და ოფიციალურ პირებს ვიზის აღება დასჭირდებათ. ისინი ასევე აღარ ისარგებლებენ ისეთი შეღავათებით, როგორიცაა: შემცირებული ვადა განაცხადის შესატანად, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები დამატებითი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობა. 

2014 წლიდან საქართველომ ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა თანდათან გააფართოვა. ამჟამად ის მონაწილეობს პროგრამებში: ჰორიზონტ ევროპა (Horizon Europe),  კრეატიული ევროპა (Creative Europe), ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის (EU4Youth), ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამა (Customs Programme Fiscalis) და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის შავი ზღვის აუზის პროგრამაში (Interreg programme Black Sea Bassin). ორგანიზაციებს და კერძო პირებს საქართველოდან ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ერასმუს+ (Erasmus+) და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის (European Solidarity Corps Programme) გარკვეული მიმართულებებით.

საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში (ICM) საქართველოს მონაწილეობის საფუძველზე 2021-2027 წლებში აქამდე (2024 წლის ბოლოს მონაცემებით) განხორციელდა 6850 მობილობის სქემა სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის; 2024 წელს ასევე განხორციელდა უმაღლესი განათლების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერების 11 პროექტი და ჟან მონეს პროგრამის ქსელის 6 პროექტი. ჰორიზონტ ევროპის ფარგლებში 2024 წელს დაჯილდოვდა 46 პროექტი კვლევისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით. 

ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამის (EUVP) ფარგლებში  ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები  მიწვეულები არიან - ინდივიდუალური სასწავლო ვიზიტით, რათა შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს, ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

ვიზიტორებს, როგორც წესი, მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური ტრენინგი და ასევე აქვთ რამდენიმე წლიანი პროფესიული გამოცდილება. აუცილებელია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი მუშაობის საბაზისო ცოდნა, ისევე როგორც ინგლისური ან ფრანგული ენის საკმარისად კარგად ფლობა შეხვედრებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

მდგრადი განვითარება და მწვანე ეკონომიკა

კლიმატის ცვლილება და გარემოს მდგომარეობის გაუარესება არის სერიოზული საფრთხე ევროპისა და მსოფლიოსთვის.

ევროკავშირი არის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი და მისი მიზანია 2050 წლისთვის კლიმატის ნეიტრალიტეტს მიაღწიოს. „ევროპული მწვანე გარიგება“ ხელს უწყობს სამართლიან გადასვლას მდგრადი, რესურსების მხრივ ეფექტიანი და კლიმატის მხრივ ნეიტრალური ეკონომიკებისა და ენერგეტიკული სისტემებისკენ.

საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების მოგვარების და ადაპტირების მცდელობებს. ევროკავშირმა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსა მწვანე და განახლებადი ენერგიისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გაზრდის პოტენციალის გამოსაყენებლად. ამ ერთობლივმა სამუშაომ ხელი შეუწყო სათბურის გაზების ემისიების შემცირებას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე იმუშავა საქართველოსთან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.

ბიომრავალფეროვნება აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგანაც იგი უზრუნველსაყოფს ჩვენს კვებას, ჯანმრთელობას, მედიკამენტებს, მასალებს, დასვენებასა და კეთილდღეობას. ამ სფეროში ევროკავშირი დაეხმარა საქართველოს, დაცული ტერიტორიების განვითარებასა და მართვაში; წყლის რესურსების დაცვაში წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის სრულყოფის და წყლის ხარისხისა და ნაკადების მონიტორინგისთვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით; ასევე მექანიზმების შექმნაში გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედების უკეთ მართვისთვის.

მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირი მუშაობდა ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატ ნეიტრალური, რესურსების მხრივ ეფექტიანი და ცირკულარული ეკონომიკის მისაღწევად. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და მართვის გაუმჯობესებას პოლიტიკის შემუშავებისა და პასუხისმგებლიანი მწარმოებლის ორგანიზაციების გაძლიერების გზით. 

კვების სისტემების მდგრადობა არის ძირითადი ფაქტორი მცირე მეურნეობებისა და სოფლად მცხოვრები ქალების ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. ეს განპირობებულია მომხმარებელთა მოლოდინებით სურსათის უვნებლობისა და მათი უფლებების მიმართებაში, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობით არის უზრუნველყოფილი. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) (პროგრამების) ფარგლებში კვებითი ღირებულების ჯაჭვები არა მხოლოდ აძლიერებს მათ წვლილს ადგილობრივ ეკონომიკაში, არამედ მხარს უჭერს არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, აუმჯობესებს წვდომას სოციალურ სერვისებზე და ხელს უწყობს ადგილობრივი აქტორების ეკონომიკურ გაძლიერებას, რომლებიც შერჩეულია EU LEADER / თემის მიერ მართული ადგილობრივი განვითარების მიდგომით.

ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა

ადამიანის უფლებები ევროკავშირის ღირებულებების, ისევე როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძველია. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებების პრაქტიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პოზიტიურ განვითარებას

ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია. ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის და ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას განსაზღვრავს.

ევროკავშირის მხრიდან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა განსაკუთრებით მიმართული იყო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობისკენ, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისკენ, გენდერული თანასწორობისკენ, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების, ბავშვთა უფლებების, უმცირესობათა წარმომადგენელთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და შრომის უფლებების დაცვისკენ.

ბოლო დროს საქართველოში ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა გაუარესდა. სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ შეარყია საქართველოს მოსახლეობის უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო, რაც გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორობას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას მოიცავს. სამოქალაქო აქტივიზმის სივრცე შევიწროვდა. პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებამ და თვითნებური დაკავებების პრაქტიკამ, ასევე სასტიკმა, განზრახ ძალადობამ გამოიწვია დასაბუთებული შეშფოთება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დაუსჯელობით გაჯერებულ  კონტექსტში.

2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა; საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებმა გამოავლინა მრავალი დარღვევა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ბრალდებები დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

უკან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ახალგაზრდობასა და მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს თავისი დღევანდელი მოქმედების კურსი შეცვალოს.

„გლობალური კარიბჭე“ (Global Gateway) საქართველოში

„გლობალური კარიბჭე“ არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს გონივრული, სუფთა და უსაფრთხო კავშირების განვითარებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში და ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოში.

„გლობალური კარიბჭე“ სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგსა და მის მიზნებს მდგრადი განვითარებისთვის, ასევე კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას .

„გლობალური კარიბჭე“ მიზნად ისახავს 2027 წლისთვის 300 მილიარდ ევრომდე მდგრადი ინვესტიციების მობილიზებას მსოფლიოს მასშტაბით. 2024 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირმა „გლობალური კარიბჭის“ ფარგლებში საქართველოსთვის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 2,1 მილიარდი ევრო მოიზიდა.

„ევროპის გუნდის“ მიდგომის საშუალებით „გლობალური კარიბჭე“ ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს და მათ ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს აერთიანებს იმისთვის, რომ მოახდინოს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების მოსაზიდად ტრანსფორმაციული ზემოქმედების მიზნით.

„გლობალური კარიბჭე“ მოიცავს ხუთ მთავარ თემას (ციფრული ტექნოლოგიები, კლიმატი და ენერგია, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და კვლევა).

საქართველოში „გლობალური კარიბჭე“ ძირითადად ხორციელდება შემდეგი ექვსი საფლაგმანო ინიციატივის მეშვეობით:

საფლაგმანო ინიციატივა  1: კავშირები შავი ზღვით

კავშირები შავი ზღვით საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ საფლაგმანო ინიციატივის ფარგლებში არსებული ორი პროექტი ასევე „გლობალური კარიბჭის“ პრიორიტეტული პროექტებია.

ა) წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსება

წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსება - ევროკავშირთან საქართველოს ბაზრის უფრო მეტად ინტეგრირებას მოახდენს; ხალხი და ბიზნესი საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო სწრაფი და სტაბილური პირდაპირი ინტერნეტ კავშირის წყალობით სარგებელს მიიღებენ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შექმნის პირდაპირ კავშირს სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის და გაამრავალფეროვნებს ევროპასა და აზიას შორის კავშირის დივერსიფიცირებას მოახდენს.

ბ) წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსება

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს, პრიორიტეტულია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე რეგიონისთვის. მიმდინარეობს კვლევები ინვესტიციის ზუსტ ღირებულებისა და მის ეკონომიკურ და ტექნიკურ სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით.

საფლაგმანო ინიციატივა  2 - ტრანსპორტი შავი ზღვის გავლით - ფიზიკური კავშირების გაუმჯობესება საქართველოსა და ევროკავშირს შორის

როგორც საქართველომ, ასევე ევროკავშირმა სატრანსპორტო კავშირი შავი ზღვის გავლით პრიორიტეტად გამოაცხადა. ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებისკენ შავი ზღვის გავლით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაზრდა და გაძლიერებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს საფლაგმანო ინიციატივა მოიცავს ახალი საბორნე/საფიდერო სერვისების განვითარებას და პორტების რეკონსტრუქციას, მათ შორის მათი ენერგოეფექტურობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს საქონლით ვაჭრობას და  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი კავშირის შექმნით ადამიანების გადაადგილებას გააადვილებს.

საფლაგმანო ინიციატივა 3: ეკონომიკის აღდგენა - 80,000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებიდან (DCFTA) სარგებლის მისაღებად

ამ ფლაგმანმა უკვე გადააჭარბა თავის მიზანს - 80 000 ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია, მაგრამ მაინც აწყდება ბარიერებს, როგორიცაა შეზღუდული წვდომა ფინანსებზე (ინოვაციების, ტრანსფორმაციის ან გაფართოების დასაფინანსებლად), ცოდნასა და ბაზრებზე. ევროკავშირი საქართველოს ქალაქებში და ასევე სოფლებში ბიზნესის ძლიერი მხარდამჭერია. როგორც ასახულია EU4Business-ის 2023 წლის ქვეყნის ანგარიშში, 2021-2023 წლებში 100,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ზომის საწარმომ ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლა. ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობების გაზრდით, ტექნიკური კონსულტაციების მიწოდებითა და უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნაში წვლილის შეტანით, ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობას, ბაზრებზე წვდომას, ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან შესაბამისობას, აგრეთვე მათ ინოვაციებს, მწვანე გადასვლას, ასევე მდგრადი და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის წარმოებას. ეს საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციას. ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი აგროსასურსათო სექტორის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის არის განკუთვნილი, რაც ეხმარება სურსათის უვნებლობის მიმართებაში ევროკავშირის სტანდარტებთან მათი  შესაბამისობის მიღწევას.

საფლაგმანო ინიციატივა 4: ციფრული კავშირი მოქალაქეებისათვის - 1000 სოფლის უზრუნველყოფა მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურით

დაახლოებით 1000 სოფლისთვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ პროცესის დასრულებით კავშირის გაძლიერება შეამცირებს ციფრულ უთანასწორობას, მათ შორის სოფლებსა და ქალაქებს შორის ამ სფეროში არსებული განსხვავების მიმართებაში. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და აღდგენას გლობალური ციფრული ეკონომიკის ჰაბად საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებული ამბიციების შესაბამისად.

საფლაგმანო ინიციატივა 5: ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება  - თბილისში 1 მილიონზე მეტი ადამიანისათვის უფრო სუფთა ჰაერი

ჰაერის ხარისხი საქართველოში სულ უფრო მზარდი საზრუნავია. ეს განსაკუთრებით თბილისს და დედაქალაქის გარეთ არსებულ სხვა ურბანულ ცენტრებს, განსაკუთრებით პოსტინდუსტრიულ სივრცეებს ეხება.

ევროკავშირი საქართველოსა და მის რეგიონებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე მუშაობს ჰაერის მონიტორინგის აღჭურვილობის დაყენებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით. დაბინძურების წყაროების გამოსავლენად წარმოებული სამუშაოების გარდა, სიტუაციის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ინვესტიციები განხორციელდება.

საფლაგმანო ინიციატივა 6 - ენერგოეფექტურობა საცხოვრებელ შენობებში

ევროკავშირის ინვესტიციები რეგიონული და ორმხრივი პროექტების საშუალებით გაზრდის ენერგოეფექტურობას. ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების გზით მოქალაქეებს ენერგიაზე ნაკლები ხარჯები და ცხოვრების უკეთესი ხარისხი ექნებათ.

საქართველოში ენერგოეფექტურობის სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად და ენერგოეფექტურობაში ინვესტიციების გაზრდის უზრუნველსაყოფად ევროკავშირი მრავალმხრივ დახმარებას გამოყოფს. ეს ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ აღდგენას, ძირითადი ყურადღების გამახვილებით მოწყვლად სოციალურ ჯგუფებზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, გარემოზე, კლიმატის ცვლილების შერბილებაზე, და ასევე მედეგობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაზრდის.

დამატებითი ინფორმაცია „გლობალური კარიბჭის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: Global Gateway - European Commission (europa.eu)