ჩვენს შესახებ
ვინ ვართ
წარმომადგენლობა თბილისში 1995 წელს გაიხსნა და ერთ–ერთია იმ 140 წარმომადგენლობას შორის, რომელიც ევროკავშირს აქვს მთელს მსოფლიოში. წარმომადგენლობა მუდმივი დიპლომატიური მისიის სტატუსით სარგებლობს. დღესდღეობით, ევროკავშირი შედგება 27 წევრი ქვეყნისგან, ჰყავს დაახლოებით 450 მილიონი მოსახლე და მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ბლოკია.
რას ვაკეთებთ
ევროკავშირის წარმომადგენლობის მანდატი არის:
-
საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.
-
ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
-
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირში მიმდინარე მოვლენების შესახებ; ევროკავშირის პოლიტიკის ცალკეული მიმართულების განმარტება და დაცვა.
-
ევროკავშირის საგარეო დახმარების პროგრამების მართვა, რომელიც საქართველოში ხალხის ცხოვრების ხარისხს ხელშესახებად და თვალსაჩინოდ აუმჯობესებს.
განვითარებაზე მიმართული დახმარება
ევროკავშირი არის საქართველოს უდიდესი პარტნიორი განვითარების სფეროში, რომელმაც 1992 წლიდან 2,1 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიციები განახორციელა სახელმწიფო და კერძო სფეროებში.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო ერთ-ერთი უმსხვილესი დახმარება ევროკავშირის ყველა პარტნიორს შორის ერთ სულ მოსახლეზე, ყოველწლიურად დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის ტექნიკური დახმარების და გრანტების სახით, რასაც დაემატა ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ინვესტიციების საშუალებით. ეს დახმარება მიმართული იყო ეკონომიკურ განვითარებასა და განათლებაზე, მმართველობაზე, კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, გარემოს დაცვაზე და კულტურაზე.
თუმცა, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 120 მილიონ ევროზე მეტი დახმარება. ამან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე არ იმოქმედა.
იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების შესახებ, გადადით ბმულზე Eu4georgia.ge
ჩვენი ოფისი
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი მდებარეობს თბილისის ცენტრში, მასში არის ოთხი განყოფილება და 60 თანამშრომელი მუშაობს.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოთხი განყოფილებაა:
-
პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილება.
-
თანამშრომლობის (პროექტების) განყოფილება.
-
ფინანსების, კონტრაქტების და აუდიტის განყოფილება.
-
ადმინისტრაციული განყოფილება.
თითოეულ განყოფილებას ჰყავს განყოფილების უფროსი. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არის ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რომელიც კოორდინირებას უწევს მთელი წარმომადგენლობის მუშაობას.