საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ
დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელიც ასახავს 2014 წლიდან განვითარებულ მოვლენებს.
ანგარიშის პრეზენტაციაზე ევროკავშირის ელჩმა,იანოშ ჰერმანმა აღნიშნა:
„ევროკავშირი მიესალმება წარდგენილ ანგარიშს, რომელიც 2014 წელს საქართველოში მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეფუძვნება. ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებები და რეკომენდაციები უნდა გახდეს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის საფუძველი.
ვაღიარებთ რა მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით, უნდა აღვნიშნოთ ის სირთულეებიც, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშია წარმოდგენილი. განათლებისა და დასაქმების სფეროში თანასწორი შესაძლებლობების შექმნა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ქალების ან უმცირესობათა წარმომადგენელთათვის პრობლემად რჩება. მრავალი დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ იქნა აღმოჩენილი, მიუხედავად მის მერ გაცემული მიზანმიმართული რეკომენდაციებისა, კვლავ რჩება გადაუწყვეტელ საკითხად.
მსურს ხაზი გავუსვა იმ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას, რაც ვიზა ლიბერალიზაციის წინაპირობას წარმოადგენდა და ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვით ანტიდისკრიმინაციულ კანონს უფრო ეფექტურს გახდიდა. სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილებები 2015 წლის მარტიდან მოყოლებული არ განხორციელებულა და ეს საკითხი ჩვენი დაკვირვების საგნად რჩება.
და ბოლოს, ნება მომეცით აღვნიშნო სახალხო დამცველისა და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საქმეში. ევროკავშირი მომავალშიც დაუჭერს მხარს მათ ძალისხმევას.“
ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა არის ევროკავშირის ძირითადი პრიორიტეტები. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რათა დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებები, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების. ერვოკავშირის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატმა ჩამოაყალიბა მისი სტრუქტურა და პოლიტიკა, გააუმჯობესა ანალიტიკური და მონიტორინგის შესაძლებლობები, გააფართოვა ფუნქციონირების არეალი რეგიონებში და აამაღლა ცნობიერება.
აღნიშნული მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში. 10 მილიონ ევროზე მეტი (25 მილიონ ლარზე მეტი) ფინანსური რესურსით აღნიშნული პროგრამა ეხმარება ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების, საკუთრების უფლების, შრომითი და ბავშვთა უფლებების დაცვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
თამრიკო მიქაძე
მედია და საინფორმაციო ოფიცერი
ევროკავშირის წარმომადგნელობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu