ევროკავშირის ელჩი გაეროს მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ ეროვნულ კონფერენციას ესწრება

გაეროს საქართველოს წარმომადგენლობამ საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეროვნული კონფერენცია გამართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა , კიდევ ერთხელ წარმოეჩინა, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული და მდგრადი განვითარების განუყოფელი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის რეალიზებისთვის კი მნიშვნელოვანია, დაინტერესებული მხარეები, მათ შორის განსხვავებული პოზიციების მქონე ჯგუფები, ერთი მისწრაფების ირგვლივ გაერთიანდნენ და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებითა და თანასწორობის წახალისებით, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ განვითარებას.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პაველ ჰეჩინსკი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალთა უფლებადამცველები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციაზე პოლიტიკაში ქალთა მონაწილების გაზრდაზე, პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობისა და ფემიციდის აღმოფხვრისთვის ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ამას გარდა, ღონისძიების მონაწილეებმა მშვიდობისა და ომის პირობებში სექსუალური ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერება, გენდერული დისკრიმინაცია და მავნე პრაქტიკის დაძლევაში განათლების როლი, მშობლობის ანაზღაურებადი შვებულების რეფორმა და სხვა საკითხები განიხილეს.

 

მაღალი დონის შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო პარტნიორების მონაწილეობით ყოველწლიურად, ტრადიციულად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება. ეროვნული კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე სწორედ ამ კამპანიის დახურვის ღონისძიებას წარმოადგენს და გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” მესამე ფაზის ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით იმართება.