ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ვაქცინების ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა გადასცა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ჰერჩინსკიმ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან, მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიასა, და საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან, ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სათანადოდ შენახვის უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირის დაფინანსებით მოწყობილი ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები და ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები მოინახულეს.
ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერებასა და იმუნიზაციის ჩატარებაში.
ვაქცინების ცივი ჯაჭვისა და ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის გასაძლიერებლად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) ცივი ჯაჭვისა და ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის აღჭურვილობა, მათ შორის ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები, ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები და ლაპტოპები გადაეცა.
ამ ძალისხმევის შედეგად საქართველო შეძლებს არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის წინაშე ამჟამად არსებული, არამედ მომავალში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრას, აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გაკეთებას ჯანდაცვის უფრო მდგრად სისტემაზე გადასვლისა და საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი ლუგარის ლაბორატორიასაც ეწვია.