ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19 მასობრივი ვაქცინაციისთვის მზაობაში ეხმარებიან

09.07.2021

72 მაღალი ხარისხის ლეპტოპი, ვაქცინების სატარებელი 200 ყუთი, ყინულის 300 სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, 300 თერმომეტრი, სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID-19-ის მასობრივი ვაქცინაციისთვის მოსამზადებლად.

დღეს დაავადებათა კონტროლისა  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ, მოწყობილობების ნაწილი გადასცეს და ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო საკითხებიც განიხილეს.

ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO უწევს საქართველოს. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ახლა კი, ვაქცინაციის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველო იღებს ისეთ დახმარებას, როგორიცაა საჭირო მოწყობილობები, პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნა, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგი, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგი და საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერა.

„ვაქცინები და მათი მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანდემიის დასაძლევად. რამდენიმე დღის წინ საქართველომ ავსტრიისგან მიიღო ვაქცინები, ხოლო დღეს კი WHO-თან ერთად გადავცემთ მოწყობილობებს, რათა ვაქცინების გამოყენება რაც შეიძლება ეფექტურად მოხდეს, მაქსიმალური ზეგავლენის მისაღწევად. ევროკავშირი და ევროპის გუნდი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში,“ - ამბობს კატალინ  გერმანი, ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადილე.

„ველით, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში ივლისში დაიწყება და იმედი  გვაქვს, ეს მოწყობილობები ვაქცინაციის ჯგუფებს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სასარგებლო იქნება ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირის და WHO- ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში,“ - ამბობს სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი და ევროპის გუნდი, მათ შორის ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან COVAX-ის პლატფორმისა, რომლის საშუალებითაც საქართველო  ვაქცინ პირველი დოზები მიიღო. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა განაცხადეს პლატფორმისთვის 870 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის მხარდაჭერის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

  • ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19 პანდემიის დროს გაწეული დახმარების შესახებ შეიტყვეთ მეტი აქ.
  • იყავით მუდმივად ინფორმირებული COVID-19-ის უახლესი სტატისტიკური მონაცემების თაობაზე ინტერაქტიული დიაგრამების საშუალებით WHO HQ; WHO/Europe.
  • ვაქცინაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვაქცინაციის გვერდს.
  • გთხოვთ, ეწვიეთ ჯანმო- ვებ-გვერდს რჩევები საზოგადოებას  COVID-19-თან დაკავშირებით.
  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ დელეგაციის ვებ-გვერდს.

ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

თამარ კვარაცხელია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, kvaratskheliat@who.int