ევროკავშირი იწყებს ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“

08.11.2021

10 საჯარო სკოლა, 7 საბავშვო ბაღი და 4 საჯარო შენობა ევროკავშირის მხარდაჭერით განახლდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო მწვანე და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით გატარებული ენერგოეფექტური ღონისძიებების შედეგად დაზოგილი საოპერაციო ხარჯების წყალობით, არაერთ ბიზნესს მეტი ფინანსური რესურსის ინვესტირების შესაძლებლობა გაუჩნდა, როგორც ახალი მიმართულებების გასავითარებლად, ისე სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რასაც ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს.

ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სარგებლიანობის და ამ მხრივ ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში იწყებს ენერგოეფექტურობის საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებითმეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“.

„საქართველოში ენერგოეფექტურობა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. უფრო მწვანე გარემო, მყარი ენერგოუსაფრთხოება, მეტი სამუშაო ადგილი, ოჯახების კეთილდღეობა და თბილი სახლები - ენერგოეფექტურობის უპირატესობის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. გარდა საკანონმდებლო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისა, ევროკავშირი ძალისხმევას არ იშურებს, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდასაჭერად. საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგომომარაგება მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემებისა და ოჯახებისთვის, და ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ენერგოეფექტურ ინიციატივებს უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას საყოფაცხოვრებო და ეკონომიკის დონეზე, ეკონომიკის მდგრად განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობა არის ერთ-ერთი გზა ენერგიის იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

ევროკავშირი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ათეულ წელზე მეტია ეხმარება, რაც მოიცავს მთავრობის მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე, სექტორის მოდერნიზაციის ხელშეწყობას, პარტნიორებთან მუშაობას ქვეყნის მასშტაბით ენერგოეფექტურობის ინიციატივების მხარდასაჭერად და კერძო სექტორის ჩართულობის წასახალისებლად.  სუფთა ენერგიაზე გადასვლა იმ რეფორმების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, რაც დააჩქარებს თანამედროვე და საიმედო ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებას და სათბურის გაზების გამოფრქვევის შემცირებას.

მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ გაგიზიარებთ საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების წარმატების ისტორიებს. კამპანია წარმოაჩენს  ენერგოეფექტურობის უპირატესობებს, პროექტებს, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანებზე და გარემოზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს კამპანიის გვერდს და მოგვყევით Facebook გვერდზე.

მედია კონტაქტი:

მარიამ გენგაშვილი, გარემოსდაცვითი კომუნიკაციის უფროსი ექსპერტი, EU4Georgia III, 599 154 915, mariam.gengashvili@commwithus.eu