ევროკომისიის დელეგაციამ გორში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოინახულა
დელეგაციას უმასპინძლეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, მიხეილ შაყულაშვილმა, გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ვიზიტი დაიწყო ახლახან განახლებულ 26 მაისის პარკში, რომელშიც, ევროკავშირის ხელშეწყობით, ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და სამხატვრო გალერეა განთავსდა. აღნიშნულ სივრცეებს ადგილობრივი მოსახლეობა სასწავლო კურსების, ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილების ჩასატარებლად იყენებს. გარდა ამისა, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეკრება და ახალ იდეებზე საუბარი. გორის ციხესთან მდებარე ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გორისა და მიმდებარე ტერიტორიების დამთვალიერებლებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, დელეგაციამ მოინახულა ახლად აშენებული შენობები, რომლებშიც უახლოეს მომავალში განთავსდება ისეთი ადგილობრივი ბიზნესები, როგორიცაა საცხობი, ღვინისა და სუვენირების მაღაზიები. ეს ბიზნესები ადგილობრივი მოსახლეობისათვის 30 ახალ სამუშაო ადგილს შექმნიან.
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის შესახებ
პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ არის M4EG ინიციატივის ნაწილი, რომელიც 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო. პროექტს ევროკავშირთან თანამშრომლობით 2021 წლიდან ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა პარტინორებთან ერთად.
M4EG პროექტის მიზანია მუნიციპალური განვითარების პროცესში ისეთი ერთიანი მიდგომის დანერგვა, რომელიც ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების ადაპტირებადი პორტფელების სახელით არის ცნობილი. აღნიშნული მიდგომა გამორიცხავს ცალკე მდგომი და იზოლირებული ადგილობრივი პროექტების განხორციელებას და ითვალისწინებს ისეთი სისტემური სახის ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული მთლიანი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის განვითარებას.