ევროპის გუნდი: ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო

01.07.2021
  • ევროკავშირის ბანკი დააფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება
  • ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას იმ საავტომობილო გზის 388 კმ სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგზაო არტერიას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში
  • ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგებისა და  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების მხარდასაჭერად უკვე  დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის - აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის, დამატებით 106.7 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკავშირის ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: პირველი, ალგეთსა და სადახლოს შორის  მდებარე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, და მეორე, რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი. ამ ორი განახლებული მონაკვეთით ავტომაგისტრალი შესაბამისად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე გაგრძელდება.

მოდერნიზაციის შედეგად ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობას უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების  საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები და გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობა. აღნიშული სამუშაოების განხორციელების შედეგად ასევე გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით გაუმჯობესდება ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების პირობები, აგრეთვე გაიზრდება ქვეყნის მდგრადობა ისეთი სერიოზული რისკების მიმართ, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია. ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი  საქართველოს სარგებელს ათწლეულების განმავლობაში მოუტანს. ეს ინვესტიცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის გუნდის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან საქართველოს დასახმარებლად. აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო“.

ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, განაცხადა: „ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის/E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებაში. აღნიშნული ავტომაგისტრალი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს დასავლეთ საზღვართან აკავშირებს, რაც საქართველოს აზიასა და ევროპას შორის საუკეთესო სატრანსპორტო დერეფნად და ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს და აგრეთვე გვაკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდს ჩვენი რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების დღის წესრიგის მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.”

კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, აღნიშნა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგზაო არტერიაა და ევროკავშირის შეუძლია იამაყოს იმით, რომ საკუთარი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. აღნიშნული დახმარების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები და ასევე გაძლიერდება, საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ცენტრის, პოზიცია“.

უსაფრთხო, სწრაფი და თანამედროვე კავშირი საქართველოსა და რეგიონისთვის

დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გახდება არსებული სატრანსპორტო კავშირების უფრო სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივა და საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართავს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) მოიცავს მთელ ევროკავშირს და აძლიერებს ევროკავშირის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას, ხოლო მისი გაფართოებული ქსელები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ანალოგიური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას 2012 წლიდან ეხმარება, რითიც ხელს უწყობს ევროპის გუნდის იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების გატარებისაკენ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილ იქნა დაახლოებით 1 მილიარდი ევრო, რაც ბანკის მიერ ქვყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითქმის ნახევარია.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილს, რომელიც გარანტირებულია ევროკავშირის მიერ. ევროკავშირმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციები  26 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით შეავსო.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში.  

დამატებითი ინფორმაცია

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში:

2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა დაიწყო, ბანკმა დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობით დაფინანსა  23 პროექტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი ეხმარება საქართველოს კოვიდ-19-ის შედეგად შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში და ამ მიზნით  მხოლოდ 2020 წელს გამოყო 70 მილიონი ევრო მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და 100 მილიონი ევრო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ინვესტიციები საქართველოს  ეკონომიკის მთავარ დარგებში განახორციელა: ინფრასტრუქტურა (1 მილიარდი ევრო), მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები (290 მილიონი ევრო), მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (280 მილიონი ევრო) და მწვანე ენერგეტიკული პროექტები (23.5 მილიონი ევრო).

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მხარდაჭერა 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერით კიდევ უფრო გაძლიერდა, რომლის შედეგადაც საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი გახდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში. საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე this link.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

EIB ჯგუფი: ტიბორ იონა, ელ-ფოსტა: t.jona@eib.org, ტელ.: +352 691 287 052

ვებ გვერდი: www.eib.org/press - პრეს ოფისი: +352 4379 21000 – press@eib.org