უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის გაგრძელების გამო ევროკავშირი რუსეთს სანქციების მეთორმეტე პაკეტს უწესებს

ევროკომისია მიესალმება ევროპული საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის მიღებას. ამ პაკეტის მიზანია რუსეთიდან იმპორტისა და რუსეთში ექსპორტზე დამატებითი აკრძალვების დაწესება, სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლა და სანქციების წესებში არსებული გარღვევების შევსება.

კერძოდ, ეს პაკეტი მოიცავს რუსეთის ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით სიებს და იმპორტსა და ექსპორტზე ახალ აკრძალვებს - მაგალითად, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტის აკრძალვას - ჩვენს პარტნიორებთან „დიდი შვიდეულიდან“ (G7) მჭიდრო თანამშრომლობით. უფრო მეტიც, პაკეტი ამკაცრებს ნავთობის ფასის ლიმიტს ტანკერების (ამ ლიმიტის გვერდის ავლის მიზნით) გამოყენების უფრო მჭიდრო მონიტორინგის საშუალებით. ის ასევე მოიცავს აქტივების მიკვლევის გაზრდილ ვალდებულებებს და მკაცრ ზომებს მესამე ქვეყნების კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც სანქციებს გვერდს უვლიან.

მეთორმეტე პაკეტი შემდეგ ძირითად ზომებს მოიცავს:

დამატებითი სიები

აქტივების გაყინვას 140-ზე მეტი დამატებითი ფიზიკური და იურიდიული პირი დაექვემდებარება. ეს სია მოიცავს რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სფეროში მოქმედ პირებს და კომპანიებს, მათ შორის სამხედრო ინდუსტრიის და კერძო სამხედრო კომპანიებს. ეს ასევე მოიცავს IT სექტორის სუბიექტებს, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტორებს. ზომები ასევე მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო უკანონო ე.წ. „არჩევნები“ მოაწყო, ვინც  პასუხისმგებელია უკრაინელი ბავშვების იძულებით „გამოსწორებაზე“, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად დეზინფორმაციას ავრცელებს და პროპაგანდას ეწევა.

ვაჭრობის სფერო

რუსული ალმასების იმპორტის აკრძალვა: რუსეთში მოპოვებული, დამუშავებული ან წარმოებული არასამრეწველო დანიშნულების ბრილიანტების იმპორტის შეზღუდვები. ეს სანქციები არის „დიდი შვიდეულის“ (G7) საერთაშორისოდ კოორდინირებული ბრილიანტებზე აკრძალვის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთს ჩამოერთვას წელიწადში 4 მილიარდ ევროს ოდენობის მნიშვნელოვანი შემოსავალი. არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა G7-ის ყველა წევრი რუსეთიდან ალმასების ექსპორტზე პირდაპირ აკრძალვას შემოიღებს. 2024 წლის 1 მარტიდან  ამოქმედდება აკრძალვა მესამე ქვეყანაში დამუშავებულ რუსულ ალმასებზე და 2024 წლის 1 სექტემბრიდან აკრძალვა გაფართოვდება და ლაბორატორიაში გამოყვანილ ბრილიანტებს, სამკაულებს და ბრილიანტიან საათებს შეეხება. ამ ზომების ეფექტიანობის გასაძლიერებლად G7-ის ფარგლებში მიკვლევადობაზე დაფუძნებული დაუმუშავებელი ალმასების შემოწმებისა და სერტიფიცირების მექანიზმი შეიქმნება.

ფოლადის წარმოებისთვის ნედლეულის, გადამუშავებული ალუმინის პროდუქტებისა და სხვა ლითონის ნაწარმის იმპორტის აკრძალვა: ახალი ზომები, რომელიც რუსეთიდან გარკვეული ლითონის საქონლის იმპორტს ზღუდავს.

ექსპორტის შეზღუდვები: დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები წელიწადში 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ორმაგი დანიშნულების და მოწინავე ტექნოლოგიურ და სამრეწველო საქონელზე. კერძოდ:

ექსპორტის ახალი კონტროლი ორმაგი დანიშნულების / მოწინავე ტექნოლოგიებზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტებას, რაც მოიცავს ქიმიკატებს, თერმოსტატებს, DC ძრავებს და უპილოტო საჰაერო აპარატებს (UAV), დანადგარებს და ტექნიკის ნაწილებს.

ევროკავშირის ახალი აკრძალვები სამრეწველო საქონლის ექსპორტზე, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს რუსეთის შესაძლებლობებს ინდუსტრიულ სექტორში, რაც მოიცავს დანადგარებს და ნაწილებს, სამშენებლო საქონელს, დამუშავებულ ფოლადს, სპილენძს და ალუმინის საქონელს, ლაზერებს და აკუმულატორებს.

რუსეთის და მესამე ქვეყნების 29 იურიდიული პირის დამატება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან ასოცირებული იურიდიული პირების სიაში (უზბეკეთსა და სინგაპურში რეგისტრირებული იურიდიული პირების ჩათვლით).

კორპორაციული და დაპროექტებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების აკრძალვა რუსეთის მთავრობის ან რუსეთის კომპანიებისთვის  ინდუსტრიულ სექტორში რუსეთის შესაძლებლობების კიდევ უფრო შესაფერხებლად. მომსახურების სფეროში შეზღუდვები არის სფერო, სადაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით.

აქტივების გაყინვის უფრო მკაცრი ვალდებულებები

კრიტერიუმი ახალი სიებისთვის: საბჭომ შეათანხმა კრიტერიუმები ახალი სიებისთვის, რომელიც მოიცავს პირებს, ვინც ევროკავშირის კომპანიების რუსეთის შვილობილი კომპანიების საკუთრების იძულებით გადაცემისა ან კონტროლით სარგებელს იღებს. ეს იძლევა გარანტიას, რომ არავინ მიიღებს სარგებელს ევროკავშირის კომპანიების ზარალიდან, როდესაც მათი შვილობილი კომპანიები იძულებით ხელში უვარდება მფლობელებს / მენეჯმენტს რუსეთიდან.

გარდაცვლილი პირების აქტივების გაყინვის სიაში შენარჩუნების შესაძლებლობა, რათა გაყინვის ღონისძიების პოტენციური დარღვევა თავიდან იქნას აცილებული.

წევრი სახელმწიფოების უფრო მკაცრი ვალდებულება, პროაქტიულად დააკვირდნენ სიაში მოხვედრილ პირთა აქტივებს, რათა არ დაუშვან და გამოავლინონ სანქციების დარღვევა ან გვერდის ავლა.

ენერგეტიკის სფერო

ნავთობის ფასის ლიმიტი: რუსეთისთვის ომის გაგრძელება რომ გავართულოთ, G7+ ნავთობის ფასის საერთაშორისო ლიმიტი გავამკაცრეთ, მესამე ქვეყნებში ტანკერების გაყიდვის უფრო მჭიდრო მონიტორინგის მიზნით ახალი ზომების შემოღების საშუალებით; ასევე უფრო დეტალური ატესტაციის კრიტერიუმები მოვითხოვეთ. ეს ხელს შეუწყობს „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაძლევას, რომელსაც რუსეთი ფასების ლიმიტის გვერდის ავლისთვის იყენებს. ამ კუთხით, ევროკავშირი უწყვეტ დიალოგშია ჩვენს G7 პარტნიორებთან, რათა ჩვენი ზომებისა და სამომავლო მითითებების თანხვედრა უზრუნველყოს.

ახალი აკრძალვა თხევადი გაზის (LPG) იმპორტზე, რომელიც 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების წლიურ იმპორტზე გავლენას მოახდენს, არსებული კონტრაქტების ვალდებულებებისგან მაქსიმუმ 12 თვის ვადით გათავისუფლებით.

სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო უფრო მკაცრი ზომები

რუსეთის გავლით ტრანზიტის აკრძალვის სფეროს გაფართოება გარკვეული ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის დამატებით, რომელიც მესამე ქვეყნებში ექსპორტისთვის არის განკუთვნილი.

ოპერატორების დავალდებულება, ხელშეკრულებით აკრძალონ გარკვეული კატეგორიის მგრძნობიარე საქონლის რეექსპორტი რუსეთში, მათ შორის ავიაციასთან დაკავშირებული საქონლის, თვითმფრინავის საწვავის, ცეცხლსასროლი იარაღისა და „მაღალი პრიორიტეტების სიაში“ შემავალი საქონლის ჩათვლით.

ახალი ზომის შემოღება, რომელიც მოითხოვს შეტყობინებას ევროკავშირიდან გარკვეული თანხების გადარიცხვის შესახებ ევროკავშირის იურიდიული პირებისგან, რომელთა 40%-ზე მეტს პირდაპირ ან ირიბად რუსეთის მოქალაქეები ან რუსეთში დაფუძნებული იურიდიული პირები ფლობენ.

დამატებითი ზომები

აკრძალვის ახალი გადავადების შემოღება, ისეთი შემთხვევების დასაშვებად, როდესაც საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ სიაში შეყვანილ პირს სახსრები ან ეკონომიკური რესურსები ჩამოართვან.

აკრძალვის ახალი გადავადების შემოღება, რომ სიაში ახლად შეყვანილმა სადაზღვევო კომპანიამ ზიანის ანაზღაურება შეძლოს.

აკრძალვის ახალი გადავადების შემოღება სიაში შეყვანილი  ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების კუთვნილი ევროკავშირის კომპანიების გაყიდვის დასაშვებად.

სხვა

ტექნიკური შესწორების ჩართვა, რომელიც საზღვაო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სალოცმანო მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა.

საკითხის ისტორია

ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და უკრაინის ეკონომიკის, საზოგადოების, შეიარაღებული ძალებისა და მომავალი რეკონსტრუქციის ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს. ევროკავშირის სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე ევროკავშირის პასუხის საფუძველშია, რადგან რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ამცირებს, ქვეყანას ყველაზე განვითარებული გლობალური ბაზრებს წყვეტს, კრემლს ომის დამფინანსებელ შემოსავლებს ართმევს და რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო მაღალ ფასს ახდევინებს. ამ მხრივ, სანქციები ხელს უწყობს ევროკავშირის მთავარი მიზნის შესრულებას, რომელიც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობის გაგრძელება და არა მორიგი გაყინული კონფლიქტის მიღებაა. მათი ეფექტი დროთა განმავლობაში იზრდება, რადგან სანქციები რუსეთის ინდუსტრიულ და ტექნიკურ ბაზას ანადგურებს. ევროკავშირი აგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ მისმა სანქციებმა რუსეთიდან მესამე ქვეყნებში ენერგეტიკისა და აგროპროდუქტების ექსპორტზე არ იმოქმედოს.

როგორც ევროკავშირის ხელშეკრულებების დამცველი, ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ევროკავშირის სანქციების აღსრულებას აკონტროლებს.

ზოგიერთი კონკრეტული პროდუქტის/ქვეყნის ვაჭრობის ანომალიური, მზარდი მაჩვენებლები არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ავლას აქტიურად ცდილობს. ამიტომ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ და მეზობლებს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ვთხოვოთ. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი აწარმოებს განმარტებით მუშაობას საკვანძო მესამე ქვეყნებში  სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. პირველი ხელშესახები შედეგები უკვე ჩანს. ზოგიერთ ქვეყანაში რეექსპორტის მონიტორინგის, კონტროლისა და დაბლოკვის სისტემები ინერგება. თანამოაზრე პარტნიორებთან მუშაობისას ჩვენ ასევე შევთანხმდით მაღალი პრიორიტეტის სანქცირებული საქონლის ჩამონათვალზე, რომლის მიმართაც ბიზნესმა უნდა გამოიყენოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და რომელიც მესამე ქვეყნებმა არ უნდა გაიტანონ რუსეთში. გარდა ამისა, ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ ეკონომიკურად კრიტიკული საქონელი, რომლის მიმართაც ბიზნესმა და მესამე ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.