UNESCO-მ დედოფლისწყაროში, კახეთის რეგიონში, არსებულ ტერიტორიებს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიანიჭა

პარიზში გამართულმა ადამიანისა და ბიოსფეროს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესიამ დაამტკიცა დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისთვის სტატუსის მინიჭება, რომელიც აღიარებულ იქნა UNESCO-ს მიერ. ეს არის პირველი ბიოსფერული რეზერვატი საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა. საერთაშორისო სტატუსის მისაღებად დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი სამი ალაზნის ბიოსფერულ რეზერვატთან ერთად იყო წარდგენილი და ეს სტატუსი ორივემ მიიღო.

საქართველოში ბიოსფერული რეზერვატების შექმნა 2 ათეული წლის წინ დაიწყო. ნომინაციის წარდგენაზე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობდა. ნომინაციისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა“ ფარგლებში, რომელიც განახორციელა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.   მსოფლიო აღიარება ხელს შეუწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, რეგიონში გარემოსდაცვითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე ეკონომიკურ განვითარებას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე წვდომის გაუმჯობესების გზით. კახეთის და, კერძოდ, დედოფლისწყაროს, მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარემოსა და მისი განსაკუთრებული ფლორისა და ფაუნის დაცვა. ეს არა მარტო უზრუნველყოფს გარემოს შენარჩუნებას, არამედ ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.

 

დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის წარმატებით დასაარსებლად პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა:

 

  • დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ნომინირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის მიზნების, ფუნქციების, ზონირების, მართვის და სხვა შესაბამისი ასპექტების შესახებ;
  • შემუშავდა დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის მართვის გეგმის კონცეფცია;
  • დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ნომინირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ჩატარდა 12 თემატური კვლევა;
  • მოეწყო 5 ტურისტულ-რეკრეაციული ადგილი;
  • 28 ჰა ფართობის ჭალის ტყის აღდგენისა და დაცვის მიზნით, ჭაჭუნას აღკვეთილში, რომელიც დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ნაწილია, 3 კმ სიგრძის ღობე მოეწყო;
  • 50-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგები ბიოსფერული რეზერვატების მართვის, მრავალდონიანი მმართველობისა და სხვადასხვა დონეებს შორის თანამშრომლობის, ეკოტურიზმისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საკითხებში;
  • დაიბეჭდა სტატიები დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის შესახებ, მათ შორის National Geographic-სა და Forbs Women-ში;
  • მომზადდა და დაიბეჭდა დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის გზამკვლევი;
  • შემუშავდა დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ლოგო და  ბრენდბუქი.
Remote video URL

 

ბიოსფერული რეზერვატები იქმნება ადგილობრივ თემებსა და გარემოს შორის დაბალანსებული ურთიერთობის ხელშესაწყობად. ბიოსფერული რეზერვატის სტატუსს ტერიტორიებს UNESCO ანიჭებს. ბიოსფერული რეზერვატები არის ხმელეთის ან ზღვის ეკოსისტემები, რომლებიც იქმნება UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფერო (MAB) პროგრამის“ ფარგლებში კონსერვაციისა და მდგრადი განვითარების ინოვაციური მეთოდების დემონსტრირების მიზნით. ბიოსფერული რეზერვატების ქსელი 124 ქვეყანაში 6,812,000 კმ2 ფართობს მოიცავს და ბიოსფერულ რეზერვატებში მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 257 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.