ამ გვერდზე

ვიზა

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ

უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

თუმცა, დემოკრატიის უკუსვლისა და რიგი არადემოკრატიული კანონების მიღების გამო, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა შეეჩერებინა ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილი საქართველოს დიპლომატებსა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელი ოფიციალური პირებისთვის. ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც სავიზო მოთხოვნები აღადგინა, საქართველოს დიპლომატებს და ოფიციალურ პირებს ვიზის აღება დასჭირდებათ. ისინი ასევე აღარ ისარგებლებენ ისეთი შეღავათებით, როგორიცაა: შემცირებული ვადა განაცხადის შესატანად, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები დამატებითი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობა.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობები ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელებისთვის მხოლოდ მოგზაურობას გულისხმობს. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება რომ გაატარონ 3 თვეზე მეტი ხანი ან იმუშაონ შენგენის სივრცეში. შენგენის ზონაში მუშაობა ან ცხოვრება შესაბამისი ქვეყნის ბინადრობის ან მუშაობის ნებართვის გარეშე უკანონოა. მოკლევადიანი ვიზიტებისკალკულატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის გამოსათვლელად, თუ რამდენი დღის განმავლობაში გაქვთ შენგენის ზონაში დარჩენის უფლება.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქე მოგზაურებმა უნდა წარმოადგინონ: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი ან შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის მისამართი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობისთვის საკმარისი თანხის დამადასტურებელი საბუთი (მაგ. ნაღდი ფული ან მოქმედი საკრედიტო ბარათი). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს.

განათლება და ტრენინგი

სასწავლო პროგრამები და მოხალისეობა

2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-4 მიზნის შესაბამისად, ევროკავშირი ისწრაფვის "უზრუნველყოს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება ყველასათვის და ხელი შეუწყოს სწავლას მთელი ცხოვრების განმავლობაში". ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში განათლებას კონკრეტული პროექტებისთვის სახსრების მოწოდების გზით.

სასწავლო პროგრამები

Erasmus + არის ევროკავშირის პროგრამა ევროპაში განათლების, ახალგაზრდობის, ტრენინგისა და სპორტის ხელშესაწყობად. 26.2 მილიარდი ევროს ოდენობის დაახლოებითი ბიუჯეტით, მას აქვს ძლიერი საერთაშორისო მიმართულება და ბევრი შესაძლებლობის მომტანია.

2021-2027 წლების პროგრამის ყურადღების ცენტრში არის სოციალური ჩართულობა, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა.

იგი მხარს უჭერს პრიორიტეტებსა და საქმიანობებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის განათლების სივრცეში, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმაში და ევროპული უნარების დღის წესრიგში. პროგრამა ასევე

  • მხარს უჭერს სოციალური უფლებების ევროპულ საყრდენს.

  • ახორციელებს ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიას 2019-2027 წლებისთვის.

  • ავითარებს ევროპულ განზომილებას სპორტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/node_en

და ეწვიეთ Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ვებ – გვერდს: https://erasmusplus.org.ge/en

ნებისმიერი კითხვით, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ, დაუკავშირდით დახმარების სამსახურს: EACEA-EPLUS-VIRTUAL-EXCHANGES@ec.europa.eu 

მოხალისეობა

არსებობს მოხალისეობის მრავალი გზა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. 17-30 წლის ახალგაზრდები მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც 2 კვირიდან 12 თვემდე გრძელდება. შემოთავაზებული შესაძლებლობების შესახებ რომ გაიგოთ, გადადით ბმულზე: https://europa.eu/youth/go-abroad/voluntering_en

ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამა (EUVP) 

ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამის (EUVP) ფარგლებში,  ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები  მიწვეულები არიან - ინდივიდუალური სასწავლო ვიზიტით, რათა შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს, ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

ვიზიტორებს, როგორც წესი,  მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური ტრენინგი და ასევე აქვთ რამდენიმე წლიანი პროფესიული გამოცდილება. აუცილებელია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი მუშაობის საბაზისო ცოდნა, ისევე როგორც ინგლისური ან ფრანგული ენის საკმარისად კარგად ფლობა შეხვედრებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

ხშირად დასმული კითხვები ამ პროგრამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.